ქეილიტი

კითხვა: გამარჯობა,ჩემი პრობლემა უცნაურია, რადგან წლების მანძილზე, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ გამოწერილმა წამლებმა ვერ მიშველა, ტუჩები (და არა პირი) მიშრება და ისე მეწეპება ერთმანეთზე რომ ვეღარ ვლაპარაკობ. (შაქარი არ მაქვს).თუ გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგი ვარ, მიხვდებით რამხელა პრობლემა მაქვს. გთხოვთ მირჩიოთ რომელ ექიმთან მივიდე. (დერმატოლოგთანაც კი ვიმკურნალე). წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად რთულია ზუსტად დიაგნოსტირება, თუმცა სავარაუდოდ საუბარია ქეილიტზე, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ქეილიტი წარმოადგენს ტუჩების ანთებით დაავადებას, რომელიც აზიანებს, როგორც თვით ლორწოვან გარსს, ისე ტუჩების წითელ ყაეთანს , დაავადებას თან ახლავს ტუჩების აქერცვლა.
არსებობს ორი ფორმის ქეილიტი:
● მშრალი ფორმის დროს პაციენტს აწუხებს ტუჩების სიმშრალე, წვა, რომლებიც მჭიდროდ არის მიკრული ცენტრში წითელ ყაეთანთან.
● ექსუდაციური ფორმა ხასიათდება გამოხატული მტკივნეულობით, ტუჩების შეშუპებით, ქერქების ჭარბი წარმოქმნით, რომელიც ართულებს მეტყველებას და საკვების მიღებას.
ქეილიტის გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება ტუჩის საცხის, კბილის პასტის, კბილის საპროთეზო პლასტმასების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები. ქეილიტი შეიძლება განვითარდეს ლითონის ნივთებთან კონტაქის (ფანქრები, კალმები და სხვა) შედეგად. ასევე შესაძლებელია პროფესიული კონტაქტური ალერგიული ქეილიტის განვითარება.
შესაძლოა ტუჩების გამოშრობა გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის დეფიციტმაც.
გამომწვევი მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ გირჩევთ, მიმართოთ პირველ რიგში სტომატოლოგს, შემდეგ კი დერმატოლოგს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა