კრიპტორქიზმი

კითხვა: გამარჯობა.მყავს 4 წლის ბიჭი.დაბადებიდან არ აქვს ერთი სათესლე ჯირკვალი ჩამოსული პარკში,უროლოგმა მითხრა ოპერაცია არის საჭირო,რენდგენის გადაღების გარეშე დასვეს დიაგნოზი,მაინტერესებს როგორ მოვიქცე ამ მდგომარეობაში?,რამდენ წლამდე არის აუცილებელი რომ ოპერაცია გავუკეთოთ? არ მინდა რამე გართულება მოყვეს,გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით!
კრიპტორქიზმი – ასე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული.
იშვიათად სათესლე ჯირკვლები ჩვეულ გზას გადაუხვევენ და უჩვეულო ადგილას იდებენ ბინას. მათ ექტოპიურ სათესლე ჯირკვლებს ვუწოდებთ. სათესლე შეიძლება გამოვიდეს საზარდულის არხიდან და ავიდეს ზევით, გადაინაცვლოს ბარძაყისკენ ან შორისში. კლინიკური მნიშვნელობის კლასიფიკაციაა პალპირებადი და არაპალპირებადი სათესლე ჯირკვალი.
კრიპტორქიზმის კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია. ბავშვს უმეტესად ასაკის შესაბამისი ჰორმონული ფონი აქვს, იბადება დროულად, ნორმალური წონით, მაგრამ სათესლე მაინც არ ჩამოდის. არსებობს გენეტიკური სინდრომები, რომლებსაც სხვა პათოლოგიებთან ერთად კრიპტორქიზმიც ახლავს თან, თუმცა ეს სინდრომები ძალზე იშვიათია, თავად კრიპტორქიზმი კი იმდენად გავრცელებული პათოლოგიაა, რომ უკვე დიდი ხანია, მის მიზეზებს შორის მემკვიდრეობით ფაქტორებს აღარ ასახელებენ.
სათესლე ჯირკვალი ოდესმე შესაძლოა მკურნალობის გარეშეც ჩამოვიდეს პარკში, მაგრამ ისე იყოს დაზიანებული, რომ შვილოსნობის ფუნქცია აღარ ჰქონდეს. თანამედროვე თვალთახედვით, ერთი წლის ასაკისთვის მკურნალობა უკვე დაწყებული უნდა იყოს, წლინახევრისთვის კი დამთავრებული. ყველა თანამედროვე რეკომენდაციით, მკურნალობის ოპტიმალურ ვადად 18 თვეა მიჩნეული. პრობლემის დროულად მოგვარება აუცილებელია. ამით შევამცირებთ სამომავლოდ ჯირკვლის დაზიანების ხარისხს.
საეჭვო არაფერია, დიაგნოზის დასასმელად რენტგენი არ გამოიყენება, ექიმი–სპეციალისტი, პაციენტს პალპაციით ( ხელით გასინჯვის მეთოდით) უსვამს დიაგნოზს.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას და ვიზიტის გადადებას ნუ გააჭიანურებთ.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა