მოგესალმებით,
კალიუმი ორგანიზმისთვის აუცილებელი ელექტროლიტია – იგი საჭიროა უჯრედის მეტაბოლიზმისთვის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებისთვის, ასევე
ნერვებისა და კუნთების (მათ შორის, გულის კუნთის) ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ნერვებსა და კუნთებში სიგნალის გადაცემისთვის, კუნთების
შეკუმშვისთვის და ორგანიზმისთვის საჭირო ბევრი სხვა ფუნქციისთვის.
ჩვეულებრივ, ადამიანი საკვების სახით საკმარისი რაოდენობით იღებს კალიუმს.
კალიუმის ზედმეტი რაოდენობა, რომელიც ორგანიზმს არ სჭირდება, თირკმელების მიერ შარდით გამოიყოფა.
როგორც კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალემია), ისე მისი დაბალი დონე (ჰიპოკალემია) სახიფათოა და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები
გამოიწვიოს.
კალიუმის ანალიზი, ჩვეულებრივ, სხვა ელექტროლიტების ტესტებთან ერთად ინიშნება , როგორებიცაა:
- ნატრიუმის;
- კალციუმის;
- მაგნიუმის;
- ფოსფორის ანალიზები.
მხოლოდ ეს მონაცემი, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული არაა.
სასურველია დაგვიზუსტოთ, რა ჩივილებიდან გამომდინარე, მოგეცათ რეკომენდაცია აღნიშნული ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაზე.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და გააცნოთ კვლევის შედეგები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !