მოგესალმებით!
იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი, უფრო ხშირად უვითარდება 60 წელზე უფროსი ასაკის მქონე პირებს, რომელთაც ანამნეზსში აღენიშნებათ ათეროსკლეროზული ცვლილებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რევმატიული მანკები, არითმიები, შაქრიანი დიაბეტი. იშემიური ინსულტი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის, ან ათეროსკლეროზული ფოლაქით შევიწროების შედეგად ვითარდება, რასაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება. ვითარდება ამ უბნის ლოკალური იშემია. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შეწყვეტის გამო ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება, ხოლო მის გარშემო არსებული უჯრედები განიცდიან “შიმშილს”. დროული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ეს “მოშიმშილე უჯრედები” გადარჩებიან და განაგრძობენ ფუნქციონირებას. ამდენად, დროულ სამედიცინო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ინფარქტის ზონა არ გაიზარდოს, რაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, ან ღრმა ინვალიდიზაციის თავიდან აცილების გარანტიაა. ინსულტის დარტყმის ქვეშ მოხვედრილი ადამიანი ხშირად მნიშვნელობას არ ანიჭებს დაავადების პირველ ნიშნებს – მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევას, სახის, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას, წამოხურების შეგრძნებას, ოფლიანობას, გაძლიერებულ გულისცემას, პირის სიმშრალეს, მეტყველების მოშლას, თავბრუსხვევას და რამდენიმე საათი ელოდება, სანამ ყველაფერი თავისით გაივლის. შედეგად იკარგება ძვირფასი დრო.
რაც შეეხება ინსულტის მკურნალობას, არსებობს სისხლძარღვების თერაპია (ისეთი პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას), ჟანგბადის თერაპია, აღდგენითი მკურნალობა, და ასევე რეაბილიტაცია, რაც ერთ– ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მკურნალობაში (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).
ასევე , გაცნობებთ ჩვენს კლინიკაში "ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი. თრომბოლიზური თერაპია ეს არის მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას.
ასევე ჩვენს კლინიკაში ინსულტის მკურნალობაში დანერგილი გვაქვს ენდოვასკულარული ქირურგიის მეთოდებით მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!