ინფექციური მონონუკლეოზი

კითხვა: მოგესალმებით. დაახლოებით 5 თვის წინ დამეწყო თავსბრუს ხვევები, სისუსტე, უმადობა, დაბალი ციხეები და ექიმთან ვიზიტის შემდეგ დადგინდა, რომ ეს იყო ინფექციური მონონუკლეოზი. ვიმკურნალე რათქმაუნდა და უკეთესობასაც ვგრძნობდი და ჩავთვალე რომ "მოვიშორე" ყველაფერი. ეხლა კი რამდენიმე დღეა ისევ დამეწყო იგივე სიმპტომები( უფრო მეტად თავბრუსხვევა). იქნებააა მითხრათ შეიძლება, რომ ისევ მონონუკლეოზი იყოოოოს? თუ იქნებ სხვა მიმართულებით მირჩევდით გამოკვლევას?
პასუხი:

გამარჯობა! ინფექციური მონონუკლეოზი ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია, ტონზილიტი, ელენთის, ღვიძლის და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სისხლის საერთო ანალიზში - ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, მონოციტოზი, ატიპური მონონუკლეარები. ადრეული ასაკის ბავშვებში ინფექცია მსუბუქად, ხშირად კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, მოზრდილ ასაკში ინფიცირებისას კი უფრო მწვავედ მიმდინარე, კლინიკურად გამოვლენილი ფორმები ვითარდება. გამოჯანმრთელების შემდეგ, ვირუსი ორგანიზმს მთლიანად არ ტოვებს, მისი გააქტიურება პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დაავადების რეციდივი იმუნოდეფიციტის შემთხვევაში ვითარდება. თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე შესაძლოა სეზონური რესპირაციული ვირუსული ინფექცია იყოს, რომელიც ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება, მაგრამ დიაგნოზის დასასმელად და ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ექიმი ინფექციონისტის კონსულტაციაზე გაგაგზავნით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა