ჰორმონალური დარღვევები

კითხვა: გამარჯობათ. 3 თვის გათხოვილი ვარ და დარღვევები მაქვს ციკლის .თმიანობა მაქვს სხეულზე. ორსულად ვერ ვრჩები შეიდზლება ამ ყველაფერმა შეუშალოს ხელი ორსულობას.ექიმთან ვიყავი და არაფერი ისეთი არ გაქვს.მკურნალობა რომ ჩავიტარო და მწყობრში ჩამიდგეს ციკლი შეიძლება გამიქრეს სხეულზე თქმა?
პასუხი:

მოგესალმებით! ქალის რეპროდუქციული სისტემა, მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ჰორმონულ ბალანსთან ორგანიზმში. ქალის ორგანიზმში ჰორმონულ დარღვევებზე მიუთითებს მენსტრუაციის ციკლის დარღვევა, დაორსულების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კლიმაქტერიული სინდრომი, ორსულობისა და მშობიარობის მძიმედ მიმდინარეობა. ჰორმონების დისბალანსს ქალის ორგანიზმში იწვევს რიგი გინეკოლოგიური დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობა. როგორც წესი, ჯანმრთელ ორგანიზმში მამაკაცისა და ქალის ჰორმონები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს, მაგრამ ხანდახან ადგილი აქვს მათ დისბალანსს. მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა გამოვლინდეს ძალიან მცირე ან მეტისმეტად ბევრი გამონადენით, ტკივილის თანხლებით ან ხანმოკლე მენსტრუაციით. მენსტრუალური ციკლის დარღვევის აღმოსაჩენად გასათვალისწინებელია მისი ხანგრძლივობა და რეგულარობა, ასევე ქალის საერთო თვითშეგრძნებები მენსტრუაციის წინ, მის დროს და მენსტრუაციის შემდეგ. საერთოდ, ნორმალური ციკლი უნდა მეორდებოდეს საშუალოდ ყოველ 21-35 დღეში. მენსტრუაციის ხანგრძლივობაა 2-7 დღე. ამასთან, მნიშვნელოვანია მენსტრუაციის ხანგრძლივობის რეგულარობაც. ცვლილებები ამა თუ იმ მხარეს მეტყველებს ჯანმრთელობის პრობლემების არსებობაზე, მათ შორის ჰორმონალურ დარღვევებზე. ასევე ჰორმონალურ დარღვევებზე მეტყველებს ტკივილი მენსტრუაციის დროს, არტერიული წნევის აწევა ან დაქვეითება, ხშირი თავბრუსხვევები, მუცლის მუდმივი შებერილობა, აშკარად გამოკვეთილი შეშუპება, ძალების დაკარგვა, საერთო სისუსტე. თუ ეს ყველაფერი აგეღნიშნებათ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჰორმონალური დარღვევები გაქვთ. ჰორმონული დარღვევები გარეგნულადაც შეინიშნება: მომატებული მამაკაცური ჰორმონების არსებობა ქალის ორგანიზმში იწვევს გამონაყარს, თმიანობას და თმების ცხიმიანობას, სტრიების არსებობას მაშინაც კი, თუ ქალს არ უმშობიარია. ხოლო ამავე ჰორმონების ნაკლებობა იწვევს სარძევე ჯირკვლების ტკივილს მენსტრუაციის დროს. ხშირად ჰორმონალური დარღვევა ხელს უშლის ქალს დაორსულებაში. ეს ხდება ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობის გამო, რომელიც დაორსულებასა და მის განვითარებას უწყობს ხელს. ამის დადგენა შესაძლებელია ან ანალიზებით, ან ბაზური ტემპერატურის რეგულარული გაზომვით. თუ ტემპერატურაში ცვლილებები არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროგესტერონი არასაკმარისი რაოდენობითაა ორგანიზმში.
ქალის დარღვევები ჰორმონულ ფონზე შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ასაკთან. 30 წლის შემდეგ საგრძნობლად ქვეითდება საკვერცხეების აქტივობა, რაც ამა თუ იმ ჰორმონის არასაკმარის გამომუშავებას იწვევს. დაორსულების შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ჰორმონული ფონის ხელოვნური კორექტირება, რაც ქალის ორგანიზმში პროგესტერონის დონის ამაღლებას გამოიწვევს. მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ჭარბთმიანობა, ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემებია. ძირითადი მიზეზია ჰორმონული დისბალანსი, ენდოკრინული პათოლოგია( ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის), საკვერცხეების ჰიპოფუნქცია. აუცილებელია შემდეგი, გამოკვლევების ჩატარება: პროლაქტინი, ესტრადიოლი, პროჟესტერონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ტესტოსტერონი, TSH, FT4. მხოლოდ მიზეზის დადგენის შემდეგ ექნება აზრი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. ჭარბთმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს. უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. გირჩევთ , მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზის საფუძველზე ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა