გლიოზი, დემენციის საწყისი ფორმა

კითხვა: დიაგნოზი დაგვისვეს ცერებროსთენია და დემენციის საწყისი ფორმა ,ჩატარებული იქნა თავის ტვინის მრტ,კვლევა საგიტალურ აქსიალურ და კორონალური ჭრილებით და დაუდგინდა დიდი ჰემისფეროების ღრმა თეთრ ნივთიერებაში მარცხენა შუბლის წილში ჰიპერინტენსიური უბანი-გლიოზის კერა ,რას ნიშნავენ როგორ მოვიქცეთ იკურნება თუ არა და სიცოცხლისათვის რამდენად საშიშია
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. გლიოზი თავის ტვინში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც დაზიანებული ნერვული ქსოვილის და მისი უჯრედების - ნეირონების ჩანაცვლება ხდება სხვა სტრუქტურით, მისი საბოლოო განკურნება არ ხდება, მაგრამ მდგომარეობის გაუარესების პროფილაქტიკა შესაძლებელია . მთვარია დროულად აღმოჩნდეს მისი გამომწვევი მიზეზები და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
დემენცია კი, წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმის, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები.
თუმცა, ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული.
რაც შეეხება მკურნალობას, კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეტიოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე დემენცია შესაძლოა კოგნიტური ფუნქციების დროებითი მოშლით გამოიხატოს და შექცევადი ხასიათი ჰქონდეს ან მდგრადი, პროგრესირებადი და შეუქცევადი იყოს. ამიტომ, მიმოწერის რეჟიმში, ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
აღნიშნული კითხვით უმჯობესია, მიმართოთ მკურნალ ექიმს და დააზუსტოთ როგორია მისი გეგმები , პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებით.
რადგან, რეკომენდაციების გაცემა, ამ შემთხვევაში მისი პრეროგატივაა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა