გაურკვეველი სუბფებრილური ტემპერატურა

კითხვა: გამარჯობათ ! ჩემი გოგონა 9 წლისაა ის ჯამრთელი დაიბადა და ზოგადად არაფერი აწუხებდა აქამდე .ეხლა უკვე თითქმის 1 წელია აქვს ხშირად დაბალი სიცხეები 37.1 37.2 ხანდახან 37.4. ანალიზები წესრიგშია ყველაფერი. თქვენ რას მირჩევთ საიდან შეიძლება მოდიოდეს სიცხე?
პასუხი:

ცხელება ზოგადად განისაზღვრება, როგორც ≥38.0°C (100.4°F) ტემპერატურა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც ბავშვები და მათი მომვლელები მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. ენდოგენური ან ეგზოგენური პიროგენები იწვევს პროსტაგლანდინების გამოყოფას, რაც თავისმხრივ სხეულის ტემპარატურის მომატებით ვლინდება .
თუმცა ყველაზე რთული ვითარებაა , როდესაც საქმე ეხება ხანგრძლივ სუბფებრილურ ტემპერატურას , ანუ ისეთს , როგორსაც თქვენ აღწერთ . კერძოდ, როდესაც სხეულის ტემპერატურა ზომიერად მომატებულია ნორმასთან შედარებით და ამას არ ახლავს რაიმე თვალსაჩინო კლინიკური მიზეზი .
ასეთი მდგომარეობები თერაპევტის პრაქტიკაში ერთ-ერთი სერიოზული დიაგნოსტიკური პრობლემაა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს , რომლებიც მეტად შეეხება მოზრდილი ასაკის პერიოდს, თუმცა ბევრი კომპონენტით ასევე საერთოა ბავშვთა ასაკის პირებისათვის.
პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ. ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი, საშვილოსნოს დანამატების ანთება. ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები.
ცნობილია, რომ ბევრისთვის სუბფებრილური ტემპერატურა ინდივიდუალური ნორმის ვარიანტია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა.
ზოგიერთ ქალს სუბფებრილური ტემპერატურა აქვს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო მენსტრუაციის დროს და ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნორმას უბრუნდება. გარდა ამისა, ხშირად ტემპერატურა სხვადასხვა იღლიის ფოსოში 0,1-0,30C-ით განსხვავდება, რაც მისი მომატების ილუზიას ქმნის. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა გაუმართლებელი კვლევა თავიდან ავიცილოთ.
გასათვალისწინებელია , რომ თანამედროვე შეხედულებით არსებობს ე.წ.“თერმონევროზი“ (ჰიპოთალამუსის დისფუნქციის ფონზე სხეულის ტემპერატურის მომატება) - ეს არის საკმაოდ იშვიათი დაავადებაა. ეს დიაგნოზი ისმება გამორიცხვის მეთოდით და მხოლოდ იმ შემთხევვაში, როდესაც კვლევებით არ გამოვლინდება არცერთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც, პრინციპში, შეეძლო სუბფებრილური ტემპერატურის გამოწვევა. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს ანთებითი დაავადებები, ქრონიკული ინფექციები, (მათ შორის, სასქესო ორგანოების) ენდოკრინული დარღვევა (ტემპერატურის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს თირეოტოქსიკოზი, რისთვისაც საჭიროა აუცილებელი გამოკვლევები ენდოკრინოლოგთან), ანემია და სხვა მდგომარეობები.
ზოგჯერ დიაგნოზის დასაზუსტებლად ატარებენ ასპირინის სინჯს: თუ ½ ტაბ. ასპირინის მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში არ დაიწია ტემპერატურამ, მაშინ სავარაუდოა ტემპერატურის მომატების მიზეზი იყოს ნერვული ცენტრების რეაქტიულობის ცვლილება სხვადასხვა გარე გამღიზიანებელზე (უფრო ხშირად ეს არის სტრესული სიტუაცია), რაც ადასტურებს „თერმონევროზის“ დიაგნოზს; ერთი სიტყვით გამოკვლევები საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტთან: თერაპევტთან, ენდოკრინოლოგთან, იმუნოლოგთან, შესაძლოა გინეკოლოგთან ან შესაბამისად უროლოგთან, გამოკვლევების მოცულობას განსაზღვრავს თერაპევტი. მას შემდეგ რაც დადგინდება სუბფებრილიტეტის ფსიქოვეგეტატიური ხასიათი და მდგომარეობა განიხილება როგორც ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ასეთ შემთხვევაში დასახმარებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს (ფსიქიატრს ან ფსიქონევროლოგს) და მასთნ ერთად უნდა გაირკვეს აღნიშნული მდგომარეობის მაპროვოცირებელი ფსიქოლოგიური მიზეზები, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ანალიზის გაკეთება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ფსიქოემოციური მიზეზი არ დევს ზედაპირზე, ზოგი მათგანის მიგნება შეუძლია მხოლოდ ექიმს. გარდა ამისა, თერმონევროზს წარმატებით მკურნალობენ მედიკამენტებით, კარძოდ, ტრანკვილიზატორების გამოყენებით(შფოთის საწინააღმდეგო პრეპარატებით) და საძილე საშუალებებით (წამლები და მკურნალობის სქემა ინდივიდუალურია), რაც ასევე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ექიმთან მისვლის აუცილებლობაზე.
თქვენ შემთხვევაში , დისტანციურად, კონკრეტული რჩეევებიდან უპირველესად დავასახელებთ :
1. პედიატრთან მისვლას და მისი რეკომენდაციების გათვალისწინებას ,
2. ვირუსული პათოლოგიების გამორიცხვას (ეპშტეინ-ბარის ვირუსი)
3. ჰემოგლობინის და სისხლის საერთო ანალიზის სხვა მაჩვენებელთა გამოკვლევას
4. სტომატოლოგთან ვიზიტს და კბილების სისტემის გამოკვლევას
5. ორგანოთა სხვა სისტემების ინფექციური გენეზის პათოლოგიების გამორიცხვას
ასევე მოგცემთ ზოგადი ხასიათის რჩევებს იმ შემთხვევისათვის,თუ კვლევების დასრულებისას მოსაზრება გადაიხრება "თერმონევროზის " მიმართულებით .
ამ შემთხვევაში საჭიროა :
1. დღის რეჟიმის დაცვა, განსაკუთრებით დასვენებასთან დაკავშირებით (დასვენება უნდა იყოს არა მხოლოდ პასიური, არამედ აქტიურიც); 2. სწავლის პროცესის ოპტიმალური რეჟიმის გამომუშავება ,რომელშიც იგულისხმება ზომიერი გონებრივი დატვირთვა და დასვენების პერიოდების მონაცვლეობა.დაუშვებელია ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომა ფიქსირებულ მდგომარეობაში .
3. აუცილებელია სპორტით დაკავება (უმჯობესია აუზი, მინიმუმ 2-3-ჯერ კვირაში).
4.წყლის პროცედურები, დილით კონტრასტული შხაპი (წყლის ცხელი და ცივი ნაკადის მონაცვლეობა, ყოველთვის უნდა დამთავრდეს ცივით - სულ 3 კონტრასტი) და გრილი შხაპი ღამით.
კონტრასტული შხაპის შემდეგ სხეული უნდა გაიმშრალოთ ხაოიანი პირსახოცით კანის შეწითლებამდე.
და ბოლოს, „ზედმეტი შფოთის “ აცილების მიზნით შეწყვიტეთ ტემპერატურის გაზომვა, რომელიც ასევე შეიძლება იქცეს ტემპერატურის მომატების სტიმულატორად.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა