ეპისტაქსისი

კითხვა: გამარჯობა ჩემს შვილს რამდენიმე დღეა ცოტა სისხლი მოსდის ცხვირიდან თან გაციებულია გრიპი აქვს იქნებ მითხრათ რისი ბრალია მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხვირი ფაქიზი ორგანოა – ყველა არომატის ფიქსატორი. გარდა ამისა, ის ორგანიზმის „ფარია", უამრავი ინფექციისგან იცავს მას. ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისი ( ცხვირიდან სისხლდენა ) შეიძლება გამოიწვიოს:
● ტრავმამ;
● ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);
● ზოგიერთმა მედიკამენტმა;
● სისხლის პათოლოგიებმა;
● ემოციურმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ;
● ჰაერის დაბალმა ან ზედმეტად მაღალმა ტემპერატურამ.
თუმცა სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მოუწესრიგებელმა არტერიულმა წნევამ, ცხვირის ღრუს ანთებამ, ჰემოფილიამ, გულის დაავადებებმა, ჰორმონულმა დისბალანსმა, ხერხემლის პრობლემებმა, საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.
თქვენი შვილის შემთხვევაში, ეპისტაქსისი შესაძლოა გამოწვეული იყოს, ლორწოვანი გარსის ანთებით, რადგან როგორც მოგვითხრობთ „გაციებულია, გრიპი აქვს“.
თუმცა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, პირველ რიგში სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა