ჭინჭრის ციება

კითხვა: გამარჯობათ მაინტეტესებს 3 წელია მაწუხრბს ჭინჭრის ციება ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე დადგინდა რომ ალერგიული არ ვარ არაფერზე. შესაძლებელია თუ არა ეს ყველაფერი კუჭ-ნაწლავის ბრალი იყოს. დიდი მადლობა წინასწარ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს პასუხს:)
პასუხი:

მოგესალმებით! ჭინჭრის ციება მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, არის გარდამავალი გამონაყარი, რომლის მორფოლოგიური ელემენტია ბებერა. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მოწითალო, ფერუცვლელი ან თეთრი,ერთი ან მრავლობითი. ბებერა ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება და არ ტოვებს კვალს. კლინიკური სურათის მრავალფეროვნება მისი წარმოშობის სხვადასხვა პათოგენეზური მექანიზმით აიხსნება. ჭინჭრის ციებას ახასიათებს ქავილი, ვინაიდან ის წარმოიშობა კანის ეპიდერმულ შრეში, სადაც ნერვული რეცეპტორებია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ანგიოშეშუპების დროს პათოლოგიური პროცესი მოიცავს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კანის უფრო ღრმა შრეებს, სადაც ნერვული რეცეპტორები და პოხიერი უჯრედები (რომლებიც ჰისტამინის წყაროა) არ არის განლაგებული, ამიტომაც მას ქავილი არ ახასიათებს. რაც შეეხება წარმოშობის მიზეზებს ხშირად საკვებისა და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომად გვევლინება. უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე ჯვარედინი ალერგიული რეაქციების - ვთქვათ, ერთდროულად საკვები პროდუქტისა და მტვრის ან ლატექსის - შესაძლებლობაც. წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა ძალუძს ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მაგ. პენიცილინის ჯგუფს), სულფანილამიდებს, კოდეინს. ჭინჭრის ციების განვითარებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სისხლის გადასხმასთან ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანასთან. ის შეიძლება სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმაც გამოიწვიოს. ზოგჯერ ჭინჭრის ციებას იწვევს ინფექციური და ვირუსული დაავადებები, მათ შორის - ჭიებით ინვაზია, ჰეპატიტი და ლამბლიოზიც. პრობლემა შესაძლოა ისეთ პაციენტებსაც შეექმნათ, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები აქვთ. გარდა ამისა, ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს აუტოიმუნური, ზეწოლის შედეგად განვითარებული, იდიოპათიური (როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება) და არაალერგიული - უპირატესად მემკვიდრეობითი, სისხლის პლაზმაში არსებული კომპლემენტის სისტემის ცილების კომპონენტების დეფიციტით განპირობებული. თუ დაავადების მიზეზის დადგენა შეუძლებელია, უნდა გამოირიცხოს შემდეგი სისტემური დაავადებები:

1) აუტოიმუნური თირეოიდიტი,
2) დიურინგის დერმატიტი,
3) პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა,
4) პაპულოზური ჭინჭრის ციება,
5) ალერგიული ვასკულიტი

თუ გსურთ ალტერნატიული მოსაზრების მოსმენა შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–ალერგოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა