მოგესალმებით!
თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე საქმე ეხება არტერიულ ჰიპერტენზიას, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან. არტერიული წნევა ნორმის ფარგლებშია, თუ სისტოლური (ზედა, მაქსიმალური) წნევა არ აღემატება 119 მმ ვწყ სვ-ს, ხოლო დიასტოლური (ქვედა, მინიმალური) – 79 მმ ვწყ სვ-ს. თუ სისტოლური წნევა 120-139 მმ ვწყ სვ-ია, ხოლო დიასტოლური – 80-89 მმ ვწყ სვ, ეს პრეჰიპერტენზიაზე მიუთითებს, ხოლო თუ მაჩვენებლები 140`90 და უფრო მაღალია – არტერიულ ჰიპერტენზიაზე. არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა ჩივილებისა და ყოველგვარი გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობდეს. დაავადების პირველმა ნიშნებმა შესაძლოა თავი იჩინოს გართულებების განვითარების შემდეგ. ჰიპერტენზიას რაიმე სპეციფიური ჩივილი არ ახასიათებს. იგი ხშირად წნევის შემთხვევითი გასინჯვისას ვლინდება და შესაძლოა ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა. როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გულის ფრიალი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენა, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში, კანის სიწითლე. აღნიშნული დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ–ფაქტორები, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. ეს ფაქტორებია: 1. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, 2. ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა (ჰიპოდინამია), 3. სიმსუქნე, 4. ჰიპერლიპიდემია, 5. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, 6. ასაკი >60 წელზე. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია: ელექტროკარდიოგრამის გადაღება, შარდის საერთო ანალიზი, სისხლში გლუკოზის, კრეატინინის, კალიუმის, ჰემატოკრიტის, კალციუმის, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევებიც, ამას ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს. გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა,
რამოდენიმე თვეა რაც სისხლის წნევა მომემატა და ვერ ვგრძნობ სანამ 160/110 -ზე არ ავა. მანამდე ჩემი წნევა 120/80 იყო და მცირედი მომატებაც კი კეფას მატკიებდა... საიდან დავიწყო გამოკვლევა, რომელ სპეციალისტს მივმართო
პასუხი: