სრული სამედიცინო მომსახურება დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ პაციენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ოქტომბრის თვიდან კლინიკაში ამოქმედდა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოქალაქეებს, ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაციის საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ ჩაიტარონ შემდეგი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე);
- გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
- კრეატინინის განსაზღვრა სისხლში;
- მიკროალბუმინურიის კვლევა;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- C-პეპტიდი;
- ჰომა-2-ის ინდექსი;
- ელექტოკარდიოგრაფია (ეკგ).
ამას გარდა, ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ჩაუტარდებათ შემდეგი სპეციალისტების კონსულტაცია:
- ნევროპათოლოგი;
- კარდიოლოგი;
- ოფთალმოლოგი;
- ანგიოლოგი.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ღირებულება და დაფინანსების წესები
პაციენტებს აღნიშნული მომსახურების მიღების უფლება აქვთ წელიწადში ერთხელ. პროგრამის ღირებულება კი, 240 ლარს შეადგენს.
ინსულინმომხმარებელი შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სერვისები სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება 70%-ით (პაციენტს უწევს მხოლოდ მომსახურების 30%-ის გადახდა).
არაინსულინმომხმარებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სერვისები სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება 50%-ით (პაციენტს უწევს მხოლოდ მომსახურების 50%-ის გადახდა).
სახელმწიფო სრულად ფარავს გამოკვლევის ხარჯებს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან არიან საჯარო სკოლების პედაგოგები.
სახელმწიფო 100%-ით ანაზღაურებს პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება, ან თანდაყოლილი ცერებრული დამბლა.
როგორ ჩავერთოთ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში?
დიაბეტის მართვის პროგრამაში ჩასართავად პაციენტმა უნდა მიმართოს კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეს’’, სადაც ჩაუტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
შემდეგ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარადგინოს კლინიკა ,,ახალი სიცოცხლიდან’’ გაცემული ფორმა NIV-100/ა და პირადობის დამატასტურებელი მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც ხდება თანხმობის წერილის გაცემა სააგენტოს მიერ.
ასევე, დიაბეტით დაავადებული არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლეების პროგრამის მოსარგებლედ ცნობისთვის, დამატებით წარმოდგებილი უნდა იქნეს იმ ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმის მიერ გაცემული ფორმა N=IV-100/ა, სადაც პაციენტია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, პროგრამით სარგებლობა შეზღუდულია კერძო/კორპორატიული დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას!