პრედიაბეტი – სახიფათო მდგომარეობა, როდესაც დიაბეტი ვითარდება

პრედიაბეტი – სახიფათო მდგომარეობა, როდესაც დიაბეტი ვითარდება

შაქრიანი დიაბეტი მძიმე და ვერაგი დაავადებაა.

დღეს, თანამედროვე მედიცინაში, ყურადღებას იპყრობს პრედიაბეტი და მისი  მართვა, რადგან ეს არის შაქრიანი დიაბეტის წინარე დიაგნოზი და მდგომარეობა, როდესაც მოსალოდნელია შაქრიანი დიაბეტის განვითარება.  

დიაბეტის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდება პრედიაბეტის ადრეული და  ეფექტური დიაგნოსტირება, შესაბამისი ჩარევა და შემდგომი მეთვალყურეობა.

როდესაც ვსაუბრობთ შაქრიანი დიაბეტის პრევენციაზე, ვგულისხმობთ მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტს. ტიპი 1–ის პათოგენეზი და პირობები რამდენადმე განსხვავებულია და სხვა მიდგომებს საჭიროებს.

პრედიაბეტის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი.

ქალბატონო ანა, რატომ არის მნიშვნელოვანი პრედიაბეტური მდგომარეობის დროული გამოვლენა?

პრედიაბეტი წინ უძღვის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას დაახლოებით 7-10 წლით ადრე და შესაბამისად, ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის ორგანიზმში გართულებების განვითარებისათვის.

დიაბეტით მსოფლიოში 425 მილიონი ადამიანია დაავადებული.  სამწუხაროდ, ყოველმა მეორემ  არ იცის, რომ დიაბეტი აქვს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების დაახლოებით 90%-ს აღენიშნება სწორედ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება 40 წელს ზემოთ ასაკში. ამასთან, ხშირ შემთხვევაში დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ვლინდება.

სამწუხაროდ, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი – მეცნიერები შიშობენ, რომ 2045 წლისთვის მაჩვენებელი დაახლოებით 628 მილიონამდე მიაღწევს, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია.

რა იწვევს პრედიაბეტს?

პრედიაბეტისა და დიაბეტის გამომწვევი მიზეზები და რისკ–ფაქტორები საერთოა. პრედიაბეტის დროსსისხლში გლიკემიის (შაქრის) მონაცემები ნორმაზე მეტადაა მომატებული, თუმცა არა იმდენად, რაც დიაბეტს შეესაბამება. პრედიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს უჭირს საკუთარი ჰორმონის, ინსულინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავება ან სათანადო მოხმარება. ინსულინი აუცილებელია გლუკოზის ტრანსპორტირებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ გლუკოზა ენერგიის წყაროა. გლუკოზის დონის მატება როგორც წესი  შემთხვევით, სკრინინგული კვლევისას ფიქსირდება. ხშირ შემთხვევაში პაციენტს უკვირს და დაჯერებაც კი უჭირს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რადგან დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აწუხებს.

როგორც განაცხადეთ, ხშირ შემთხვევაში პრედიაბეტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ მაინც გამოვლინდა რა ჩივილებს უნდა მიაქციოს მკითხველმა ყურადღება?

რიგ შემთხვევაში შესაძლოა პრედიაბეტი გარკვეული ჩივილებით ხასიათდებოდეს, მაგალითად:

  • შიმშილის აუტანელი შეგრძნება;
  • კანკალი მოშიებისას;
  • წონის მატება;
  • ადვილად დაღლა;
  • ტკბილეულის მიღების გაძლიერებული მოთხოვნილება.

გთხოვთ, მიგვითითოთ ვინ იმყოფება პრედიაბეტის განვითარების რისკის წინაშე, რა რისკ–ფაქტორები იწვევს ამ მდგომარეობას?

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA)  2019  წლის რეკომენდაციით, პრედიაბეტისა და/ან მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის  რისკ–ფაქტორებს  წარმოადგენს:

  • პრედიაბეტის განვითარების პირველი რისკ–ფაქტორია ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი, რომელიც 25 კგ.მ2ზე მაღალია) და განსაკუთრებით მაშინ, თუ ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი მუცლის არეშია დაგროვილი; 
  • ინსულინრეზისტენტობა და სიმსუქნე  (სხეულის მასის ინდექსი >30კგ.მ2 ). რაც მეტია წონა, მით მეტად რეზისტენტული ხდება უჯრედები ინსულინის მიმართ;
  • უმოძრაო, არააქტიური ცხოვრების წესი;
  • ყურადღება მართებთ 45 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც, რადგან ასაკის მატებასთან ერთად დიაბეტის რისკი იზრდება. თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ის გავრცელების მკვეთრი მატება ბავშვებსა და მოზარდებში;
  • დიაბეტის ოჯახური ისტორია (როცა პირველი რიგის სისხლით ნათესავებს, მშობლებს, დედმამიშვილებს აქვთ დიაბეტი);
  • გასათვალისწინებელია ეთნიკური ჯგუფი, მაგალითად, ფერადკანიანები, აფროამერიკელები და ლათინოამერიკელები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დიაბეტის განვითარებისკენ;
  • გესტაციური (ორსულობის დროს განვითარებული) დიაბეტი;
  • თუ ორსულს 4კგ–ზე მეტი წონის  ახალშობილი შეეძინა;
  • არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა;
  • დისლიპიდემია  (ქოლესტერინის ცვლის დარღვევა); 
  • ყურადსაღებია საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ინსულინრეზისტენტობასთან. ამ დროს საკვერცხეებში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ცისტები რისი ერთ-ერთი მიზეზიც პრედიაბეტური მდგომარეობაა. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს ახასიათებს არეგულარული მენსტრუაცია, ჭარბთმიანობა და სიმსუქნე.

პრედიაბეტის 1 ან მეტი რისკ–ფაქტორის შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს  გლუკოზის ყოველწლიური მონიტორინგი. ამასთან, მიუხედავად იმისა არის თუ არა პაციენტი ჭარბი წონის ან რისკ–ფაქტორების მქონე, ექიმი 40-45 წელს გადაცილებულებს მაინც დაგინიშნავთ გლუკოზის განსაზღვრას, ნორმალური შედეგების შემთხვევაში კი რეკომენდებულია ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.  ეს არის პრედიაბეტის გამოვლენის ჭკვიანური და ეფექტური ხერხი, ვინაიდან დიაბეტს იმდენად ბევრი და ვერაგი გართულება ახასიათებს, რომ საჭიროა სიფხიზლე, თუნდაც მცირედ დარღვეული გლუკოზის მაჩვენებლების გამოვლენის მიზნითაც კი.

გარდა დიაბეტისა, პრედიაბეტი შეიძლება ჩავთვალოთ გულ-სისხლძარღვთა, ალცჰაიმერისა და სიმსივნური  დაავადებების  განვითარების ერთ–ერთ დიდ რისკ–ფაქტორადაც.

პრედიაბეტის ფონზე  განსაკუთრებით იზრდება კუჭის, კოლორექტული (მსხვილი და სწორი ნაწლავი), ღვიძლის, პანკრეასის, ძუძუს, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი.

რა მეთოდებით მკურნალობთ პრედიაბეტს?

პრედიაბეტის მკურნალობის მთავარი და მნიშვნელოვანი გზა ცხოვრების წესის შეცვლაა, რაც გულისხმობს სხეულის საწყისი მასის 7%–ით კლებას, ფიზიკური აქტივობის ზრდას (კვირაში მინიმუმ 150 წუთით სწრაფი ნაბიჯით სიარული),  ჯანსაღ კვებას, თამბაქოზე უარს. 

თუ ცხოვრების წესის შეცვლის შემდეგაც სათანადო შედეგი ვერ მიიღწევა, ინიშნება მედიკამენტური თერაპია, რაც დიაბეტის რამდენიმე წლით გადავადების ან სრულებითაც თავიდან აცილების უდავოდ ეფექტური მეთოდია.

გახსოვდეთ, რომდროული ჩარევა დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!