კარდიოფობია გულის ავადმყოფობის აკვიატებული შიშია.
ადამიანს იპყრობს განგაშისა და უსაფუძვლო შიშის ერთგვარი შეტევა. პაციენტი უჩივის გაძლიერებულ გულისცემას, ჰაერის უკმარისობას, ოფლიანდება და სხვა. როგორც წესი კარდიოფობიით დაავადებულს ასეთი შეტევა არ ემართება კლინიკაში ან კლინიკასთან ახლოს, რადგან იცის, რომ ექიმი ახლოსაა და დაეხმარება. დაავადების მიმდინარეობა ხანგრძლივია, პროგნოზი კეთილსაიმედო. აღსანიშნავია, შეუსაბამობა პაციენტის ჩივილებსა და ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას შორის!
კარდიოფობიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგი ლელა გელაშვილი.
– რა სიმპტომებით ვლინდება კარდიოფობია?
– კარდიოფობიის, „გულის ნევროზის“ დროს პაციენტს გამოხატული აქვს კარდიული და ზოგადი ხასიათის ჩივილები: ტკივილი გულმკერდში (შეიძლება იყოს სხვადასხვა ხანგრძლივობის, ზოგჯერ გაგრძელდეს საათებისა და დღეების განმავლობაში, შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა ხელსა და ბეჭში), გულის რიტმის მოშლა, გაძლიერებული გულისცემა, თავბრუსხვევა, კანკალი, ჰაერის უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება. ასევე სავსებით შესაძლებელია, გამოვლინდეს ფსიქონევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად: შფოთვა, შიში, მოუსვენრობა, სიკვდილის შიში, ძილის დარღვევა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.
– უფრო ხშირად რა ასაკის ადამიანებს აწუხებთ კარდიოფობია?
– ხშირად ვლინდება ასთენიური კონსტიტუციის პირებში, უმეტესად ახალგაზრდა ქალებში. გარკვეულ როლს ასრულებს შთამომავლობითი, კონსტიტუციური ფაქტორი.
– რა იწვევს კარდიოფობიას?
– გულის ნევროზს საფუძვლად უდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და მასთან დაკავშირებული ფსიქოემოციური მოვლენები. მას ასევე ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ. თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი, სტრესი, გადაღლა, კონფლიქტური სიტუაციები, წარუმატებლობა, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, ალკოჰოლის, ყავის ჭარბად მიღება, ჰორმონული ცვლილებები და სხვა რისკ–ფაქტორი შეიძლება გახდეს გულის ნევროზის გამოვლენის მიზეზი.
– როგორ მკურნალობთ კარდიოფობიას კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?
– უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დიაგნოსტირებას. „გულის ნევროზზე“ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები არ გამოავლენს გულის ორგანულ პათოლოგიას.
დიაგნოსტირება ხდება სხვადასხვა კვლევის საშუალებით:
- ელექტროკარდიოგრაფია – გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა. ვაფასებთ გულის შეკუმშვათა სიხშირესა და რეგულარობას;
- ჰოლტერის მონიტორინგი – უწყვეტი ელექტროკარდიოგრამის ჩანაწერი 24 საათის განმავლობაში. ამ ტესტის ჩატარება გვეხმარება გულის მუშაობის შეფასებაში, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ისე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში;
- დატვირთვის სტრეს ტესტი, იგივე ტრედმილ ტესტი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ რეაგირებს გული სტრესზე. კვლევის მიმდინარეობისას საფეხურებრივად იზრდება დატვირთვა, რის შესაბამისადაც იცვლება ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე;
- ექოკარდიოგრაფიის საშუალებით ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.
– ქალბატონო ლელა, რას ურჩევთ მკითხველს?
– აუცილებელია შრომისა და დასვენების რეჟიმის რეგულირება. სასურველია დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს სწორ კვებას, დოზირებულ ფიზიკურ აქტივობას, საკმარის ძილს (არანაკლებ 8 საათი), ხანგრძლივი დროით სუფთა ჰაერზე სეირნობას, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, ენერგეტიკული სასმელების, ყავის შეზღუდვას, საყვარელი საქმით დაკავებას.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგს ლელა გელაშვილს ნომერზე 577 27 71 20.
გისურვებთ ჯანმრთელობას!