ჩვილის განვითარების ეტაპები 0-12 თვემდე

ჩვილის განვითარების ეტაპები 0-12 თვემდე

„ახალი სიცოცხლის“ ნეონატალური სამსახური

ახალშობილების 1 წლამდე განვითარების საფეხურებზე კლინიკა "ახალი სიცოცხლის" პედიატრი, ნეონატოლოგი, რეანიმატოლოგი და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელი, მაია აბალოიძე გვესაუბრება.

-წლამდე ბავშვის განვითარების ეტაპების ცოდნა ახალბედა დედებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ, თუ როგორ ვითარდება მათი ჩვილი. ბავშვის ადრეული განვითარება მოიცავს როგორც ფიზიკურ განვითარებას (სხვადასხვა მოძრაობის, მათ შორის სიარულის დაუფლებას), ასევე ბავშვის ემოციური სფეროს ჩამოყალიბებას და სურვილების გამოხატვის უნარს. რომელ თვეში რა უნარები აქვს ახალშობილს, ძირითადად, განსხვავებულია, რადგან ბავშვები სხვადასხვა ტემპით იზრდებიან. თუმცა, არსებობს ბავშვის განვითარების ეტაპები, რომლებიც მიგვანიშნებს თუ როგორ ვითარდება თქვენი პატარა კონკრეტულ ასაკში. განვიხილოთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის განვითარების ეტაპებზე, გაგიზიარებთ რა უნარ-ჩვევებს უნდა იძენდეს და ფლობდეს თქვენი პატარა ასაკის მატებასთან ერთად.

ადრეული ბავშვობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო დაბადებიდან ერთ წლამდე ასაკი საოცრად სწრაფი და უნიკალური ზრდის ხანაა. სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე ინტენსიურად, რაც საფუძვლად ედება ადამიანის შემდგომ ცხოვრებას. ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის პოზიტიური მხარდაჭერა და მათთვის მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზება.

ახალშობილები ადამიანის სახეების ცნობას მალევე სწავლობენ, ხშირად, ბავშვებს სახეების ყურება უფრო სიამოვნებთ, ვიდრე საგნებზე დაკვირვება. მაგალითად, შეუძლიათ განასხვაონ ბედნიერი და მოწყენილი სახის გამომეტყველებები. დაბადებისას ბავშვი უკვე ცნობს დედის ხმას, ვინაიდან მისი აღქმა მუცლადყოფნის პერიოდშიც შეეძლო. პირველი წლის განმავლობაში მნიშნელოვან ცვლილებებს განიცდის ჩვილის თავის ტვინიც.

ჩვილი პერველ თეში

სიცოცხლის პირველ თვეში ბავშვს უვითარდება მხედველობა და სმენა. იგი იწყებს რეაგირებას მოძრავ ობიექტებზე. ვინაიდან ამ ასაკში ჩვილი ცოტა ხანს ფხიზლობს, უმჯობესია დრო დაუთმოთ მის ფიზიკურ განვითარებას, მასაჟს და მსუბუქ ვარჯიშს. ეს ხელს შეუწყობს მხედველობის, სმენის და კუნთოვანი სისტემის სწრაფ განვითარებას.1 თვის ასაკში ახალშობილს გამოხატული აქვს ხელების და ფეხების ქაოტური მოძრაობა, შენარჩუნებული აქვს ფეხისა და ხელის ჰიპერტონუსი, მუშტები შეკრულია, მუცელზე წოლის დროს ცდილობს თავის აწევას, სწავლობს უძრავი ნივთების დაფიქსირებას. გააჩნია თანდაყოლილი რეფლექსები: წოვის, ძუძუს ძიების, ხელის მოჭერის (ხელ უჭერს ნებისმიერ საგანს რომელსაც ხელთან მივუტანთ), ავტომატური სიარულის. თქვენი პატარა გამოსცემს პირველ ხმებს. თუ ხშირად დაელაპარაკებით, პატარა ამ ასაკში უკვე შეეცდება იღუღუნოს, გაიღიმოს. რეაგირებს უეცარ ხმაურზე. პირველი თვის ბოლოს ბავშვის კუნთების ჰიპერტონუსი თანდათან ქრება. დედის და ჩვილის მჭიდრო კონტაქტი ხელს უწყობს ემოციური სფეროს ჩამოყალიბებას.


ჩვილი 2 თვის

2 თვის ასაკში პატარა ეუფლება მშობლებისთვის ალბათ ყველაზე სასიამოვნო უნარს - ღიმილს, რომელიც უკვე განსხვავდება იმ გრიმასისგან, რომელიც ჰქონდა დაბადებისას. ამ ასაკში ბავშვს შეუძლია ხმითა და ყნოსვით ამოიცნოს დედა, მაგრამ მუდმივად აგრძელებს მის თვალყურს და შესწავლას. ზურგზე წოლისას, დედის დანახვისას აქტიურობს, რაც გამოიხატება ხელებისა და ფეხების მოძრაობით, ღიმილითა და ღუღუნით, იღიმება თბილი მიმართვის საპასუხოდ, რეაგირებს ნაცნობ ხმებზე, ღუღუნებს. ბავშვი საგრძნობლად ნაკლებ დროს ატარებს ძილში. ჩნდება ფხიზლობის ხანგრძლივი პერიოდები, დღის ძილის დრო მცირდება. გამომუშავდება  ძილის რეჟიმი, ახლა ის უკვე შეადგენს 10-12 საათს კვებისთვის განკუთვნილი შუალედების ჩათვლით, რომელთა დროსაც, ბავშვმა შესაძლოა, საერთოდ არ გამოიღვიძოს. პატარას მუცელზე წოლისას შეუძლია თავი ასწიოს. ვერტიკალურ მდგომარეობაში იჭერს თავს 1-2 წუთის განმავლობაში, თვალს ადევნებს მოძრავ საგნებს, ატრიალებს თავს ხმის წყაროსაკენ.


3–თვის–ჩვილი

3 თვის ასაკში ბავშვი იწყებს მცდელობას დამოუკიდებლად გადაბრუნდეს ზურგიდან გვერდზე. ამ პერიოდში სხეული უკვე სრულად არის ადაპტირებული გარემოსთან. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაში დადებითი ცვლილებებია და ბავშვს საგრძნობლად უმცირდება ნაწლავის კოლიკა და მასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ქრება. ჩვილებს უყალიბდებათ დღის რეჟიმი, კერძოდ ძილისა და კვების პერიოდულობა. ბავშვი ავლენს ხასიათის პირველ თავისებურებებს, მან უკვე იცის ყვირილითა და ტირილით უკმაყოფილების გამოხატვა. პატარას უჭირავს თავი მუცელზე წოლისას და ვერტიკალურ მდგომარეობაში. აკვირდება და წოვს საკუთარ ხელებს, ტრიალდება ზურგიდან გვერდზე, ცდილობს დაიჭიროს ხელში სათამაშო, რის შემდეგაც პირში იდებს. ასევე, ამყარებს თვალით კონტაქტს, იღიმება და იცინის, დიდი ხნის განმავლობაში ღუღუნებს, მისი ბგერები ხდება უფრო მრავალფეროვანი, ცნობს ახლობლებს, კარგად აფიქსირებს უძრავ საგნებს.


4–თვის–ჩვილი

4 თვის ასაკში ბავშვი უფრო მეტხანს ფხიზლობს და მასთან კომუნიკაცია ყოველდღე უფრო საინტერესო ხდება. აუცილებელია ვაცნობოთ, რომ ის სრულიად დამოუკიდებელი ადამიანია. კუჭი უკვე საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ მას ღამის განმავლობაში შეუძლია ზედიზედ 6 საათით მშვიდად დაიძინოს. შესაძლებელია ღამის კვებაზე მთლიანად თქვას უარი. ბავშვისთვის მთავარი ხდება ხელისა და თვალის მოძრაობის კოორდინაცია. ხშირად, ამ ასაკში, პატარების საუკეთესო გასართობი საკუთარი ხელები და ფეხებია. იწყება ნერწყვის აქტიური გამოყოფა, რაც დაკავშირებულია პირველი კბილების ამოსვლასთან, თუმცა, შესაძლოა, უშუალოდ კბილის ამოჭრის პროცესი რამდენიმე თვეში დაიწყოს. პატარა დამოუკიდებლად ან უფროსის დახმარებით ტრიალდება ზურგიდან მუცელზე, მიიწევს საგნისკენ და ხელს კიდებს, წოვს საკუთარ მუშტებს და იგივე მიზნითვე ცდილობს მიიწვდინოს პირამდე ფეხი. უპირატესობას ანიჭებს დედას, უხარია მისი დანახვა, შესაძლოა იჭირვეულოს მისი წასვლისას, აქტიურად იცინის, იღიმება და კივის სიხარულის გამოსახატავად, რეაგირებს სახელის დაძახებაზე, ერთობა საწოლზე დაკიდებული სათამაშოებით.


5-Tvis-chvili

5 თვის ასაკში ბავშვისთვის პრიორიტეტი ემოციური კომუნიკაციაა. ის შეგნებულად იღიმება და იცინის. ბავშვი ცნობს დედას, მამას და მის გარშემო მყოფ ადამიანებს. ასევე, იცის როგორ განასხვავოს მათი გარეგნობის დეტალები.  კარგად ცნობს დედის ხმას, არჩევს ახლობლებსა და უცხოებს ერთმანეთისგან, სხვადასხვანაირად რეაგირებს საუბრის ინტონაციის ცვალებადობაზე. ბევრი ბავშვი, მაგრამ არა ყველა, უკვე მეექვსე თვის დასაწყისში ზის ზურგით. იგი უყურებს თავის ანარეკლს სარკეში და ძალიან ღელავს, როდესაც დედამისი არ ჩანს. აქვს მოძრაობების სრულყოფილი კოორდინაცია, მას შეუძლია აითვისოს სწორი საგნები. მას უკვე დამოუკიდებლად თამაშიც შეუძლია. ამ ასაკიდან, თუ წონაში ნაკლებობა გვაქვს, შესაძლებელია რაციონში შევიტანოთ დამატებითი საკვები. ძილის, კვების და სიფხიზლის რეჟიმი  შესაძლოა ისევ შეიცვალოს. ზოგჯერ, ამ პერიოდში ბავშვს მთელი ღამე სძინავს, დილით კი, ძალიან ადრე იღვიძებს. დიდხანს წევს მუცელზე, თავდაჯერებულად ტრიალდება ზურგიდან მუცელზე, ირთობს თავს საკუთარი ხელებითა და ფეხებით, კარგად იჭერს ხელში საგნებს, სათამაშოებს. 


6-tvis-patara

6 თვის ასაკში პირველი კბილები იწყებენ ამოსვლას. ახლა ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ აიღოს სათამაშო, არამედ აიღოს ხელიდან გავარდნილი სათამაშოც. გონებრივი განვითარება წარმოუდგენლად აქტიურია და თქვენს პატარას უკვე შეუძლია მიზნობრივ–მიზეზობრივი კავშირის დამყარება: სათამაშოს თუ გადააგდებს, ის ხმაურით დაეცემა.
თუ იტირა, დედა მოვა სირბილით. თუ ძალიან ხმამაღლა იტირებს, დედასთან ერთად მამა, ბაბუა და ბებია გამოიქცევიან. ბავშვი რეაგირებს მის სახელზე, უსმენს მეტყველებას და აღფრთოვანებულია, როცა ნაცნობი სიტყვა ესმის. უკვე მარცვლებით ლაპარაკს ცდილობს. უფრო თავდაჯერებულად ჯდება, ბრუნდება მუცლიდან ზურგზე და ზურგიდან მუცელზე, დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებს მოძრავ სათამაშოებს და გადააქვს ხელიდან ხელში, იდებს პირში, შესაძლოა, ამოჭრას პირველი კბილი. თუ პატარა ჯერ არ ზის, მაშინ მშობლებმა მცოცავი უნარის წახალისებას უნდა შეუწყონ ხელი. პატარა იჩენს საკვების მიმართ ინტერესს. იმავდროულად, მისი კვების რაციონში იწყება მყარი საკვების დამატება. პატარა ცდილობს გაიმეოროს უფროსების მიერ წარმოთქმული მარცვლები. ბავშვი ხდება ძალიან აქტიური და საჭიროებს დიდ ყურადღებას.


7-Tvis-asakshi

7 თვის ასაკში ზოგიერთი ბავშვი უკვე დახმარებით დგას. სმენა და მხედველობა უკვე კარგად არის განვითარებული, ბავშვს შეუძლია განასხვავოს საგნები, რომლებიც შორს არის. ის სწავლობს სამყაროს საგნების მობრუნებით, მათი გასინჯვით, სროლით და გადაწყობით. ითვლება, რომ გოგონების გონებრივი განვითარება უფრო სწრაფია, ვიდრე ბიჭების. პატარას შეუძლია დალიოს ჭიქიდან, ჭამოს კოვზით და დაიჭიროს ბოთლი. ამ ეტაპზე მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მეტყველებას. თქვენ მუდმივად უნდა ესაუბროთ პატარას და აღწეროთ ყველაფერი, რაც გარშემოა. ეს დაეხმარება მას ბგერების სწორად წარმოთქმაში. უკითხეთ წიგნები, დაათვალიერებინეთ ფერადი ნახატები. ღამის კვება აღარ სჭირდება. შეგრძნებებზე მეტყველი ნერვული სტრუქტურები ბოლომდე ჩამოყალიბებულია. ბავშვი ცდილობს ხოხვას, ზის დამოუკიდებლად, ცდილობს საწოლში ადგომას, ორივე ხელის დაყრდნობით შეუძლია დადგომა. აქტიურად ვითარდება მისი პირის აპარატი, ყბები, კბილები. 


ბავშვი–8–თვის–ასაკში

8 თვის ასაკში თქვენს პატარას შეუძლია გადატრიალდეს ყველა მიმართულებით. ეშინია უეცარი ხმამაღალი ხმების.  სწავლობს უცხოობას, ხშირად, ეშინია მისთვის უცნობი ადამიანების. ეცადეთ, შეუქმნათ ნაცნობი და კომფორტული გარემო. ის ცდილობს ადამიანებთან კომუნიკაციას და სიამოვნებას ანიჭებს, როცა მას აქებენ. დაბადებისთანავე ბავშვი, რომელიც იზრდება ემოციურად თბილ გარემოში, ზრდასრულ ასაკში, სტრესის მიმართ მეტად მდგრადია. თქვენი პატარა ხოხავს, დაყრდნობით დგება ფეხზე, შეუძლია მცირე ზომის საგნების აღება, თავდაჯერებულად გრძნობს თავს ნაცნობ გარემოში. შესაძლოა, შეამჩნიოთ გახარება, უკმაყოფილება, გაკვირვება, გაოცება. პატარას უჩნდება ინტერესი ახალი საგნების მიმართ, ხმამაღლა წარმოთქვამს ბგერებს, იძახის ცალკეულ სიტყვებს. თუ ჯერ ერთი კბილი მაინც არ აქვს, მაშინ ეს საერთოდ არ არის პანიკის მიზეზი. ამ ასაკში ზოგიერთი ბავშვის განვითარება მნიშვნელოვნად იზრდება. ზოგი უკვე დგას და ცდილობს სიარულს, ზოგი კი, უბრალოდ ზის. წაუკითხეთ პატარას წიგნები, კითხვა ხელს უწყობს შემდგომში სწორად მეტყველებას.


9–თვის

9 თვის ასაკის ბავშვი თავდაჯერებულად დაცოცავს და ამას თავისებურად აკეთებს. ზის დამოუკიდებლად და შეუძლია საყრდენის დახმარებით ადგომა. თქვენი პატარა სწრაფად ხოხავს, დგამს ნაბიჯებს ხელის მოკიდებით, დამოუკიდებლად ჯდება, იმეორებს მოქმედებებს: უკრავს ტაშს, წევს ხელებს. თქვენ უკვე შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენს შვილს სხეულის ნაწილები. მას უყვარს უფროსების მიბაძვა და მათი ქცევის კოპირება. ცხრა თვის ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარე და აქტიურია, ის ცდილობს გამოიკვლიოს სახლის ყველა უჯრა და კარადა, რომელსაც კი მისწვდება. ეს ისეთი პერიოდია, როდესაც მშობლებმა ყურადღებით უნდა აკონტროლონ ბავშვი და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. არ შეწყვიტოთ მცდელობები, ელაპარაკეთ ბევრი, უკითხეთ წიგნები და შეეცადოთ აამეტყველოთ თქვენი პატარა. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, ისწავლოთ ბავშვისთვის უარის თქმა. შეასრულებინეთ მარტივი დავალებები (მაგალითად: ადექი, დაწექი, მოდი, წადი და ა.შ.), ასწავლეთ საყოფაცხოვრებო ნივთების სახელები.


10–თვის–გიორგი

10 თვის ასაკში ზოგიერთი ბავშვი უკვე დადის, მამოძრავებელი უნარები საკმაოდ განვითარებულია. მაგრამ თუ ბავშვი არ ცდილობს დამოუკიდებლად სიარულს, მაშინ არ არის საჭირო დაჟინებული მოთხოვნა - ყველაფერს თავის დრო აქვს. ის ასრულებს მშობლების მარტივ დავალებებს. პატარა აქტიურად ცდილობს დახვეწოს მეტყველება. ბავშვს სჭირდება კომუნიკაცია, ესაუბრეთ მას. შეუწყეთ ხელი მის განვითარებას წიგნების წაკითხვით და ფერადი სურათების დათვალიერებით, აუდიოზღაპრების მოსმენით, სხვადასხვა თამაშებით. ამ ასაკში პატარა დადის ორივე ხელის მოკიდებით, აუმჯობესებს მისთვის უკვე ნაცნობ მოქმედებებს, იღებს საგნებს ცალი ხელით, აუმჯობესებს მეტყველებას სხვადასხვა სიტყვების დამატებით, აღნიშნავს სხვადასხვა მარცვლებით გარკვეულ საგნებს, იცის ხელის დაქნევით დამშვიდობების გამოხატვა, ზოგიერთი ნივთის ადგილი. ხშირად შეაქეთ! პატარა ხვდება, როდის აქებენ და როდის უბრაზდებიან.


11–თვის–ბავშვი

11 თვის ასაკში ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად დგომა, სიარული ცალი ხელის მოკიდებით, დახრა სათამაშოს ასაღებად. შესაძლებელია დამოუკიდებლად გადადგას რამდენიმე ნაბიჯი ოთახში, ხოლო დაცემისას ფეხზე წამოდგეს მხარდაჭერის გარეშე. ის ეუფლება სავარჯიშო თამაშებს, სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას. ძაღლი შეიძლება იყოს კარგი მეგობარი ბავშვისთვის. სიცოცხლის მე-11 თვის ბოლოს მათ უკვე შეუძლიათ შეგნებულად წარმოთქვან რამდენიმე სიტყვა. პასიური ლექსიკა აგრძელებს აქტიურად განვითარებას. პატარა წარმოთქვამს ოჯახის წევრების სახელებს და საყოფაცხოვრებო ნივთების დასახელებას. აქვს სურვილი დამოუკიდებლად მიიღოს საკვები, დამოუკიდებლად დაიჭიროს ხელში კოვზი


პირველი–დაბადების–დღე

დადგა პირველი დაბადების დღე! ამ ეტაპზე ხდება წლის განმავლობაში შეძენილი უნარების შეჯამება. ბავშვს აქვს კარგად განვითარებული კუნთები, მას უკვე ამოსული აქვს 1-8 კბილი, თავისით ჯდება და საყრდენის გარეშე დგება, ადის დივანზე, დადის დამოუკიდებლად ან დახმარებით, ღეჭავს მყარ საკვებს. ბავშვი საუბრობს თავის ენაზე. ფიზიკური და ემოციური განვითარების კუთხით, არ შეედრება ცხოვრების არცერთ წელს. პატარას შესანიშნავად ესმის ცნებები "კარგი" და "ცუდი", „კი“ და „არა“. ემოციებს გამოხატავს შეხვედრისა და დამშვიდობებისას, აქვს მკვეთრად გამოხატული ინტერესები, ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს ჩაცმასა და დაბანაში. იძენს მეტ დამოუკიდებლობას. მნიშვნელოვანია მისი წარმატების აღნიშვნა და შექება.

 

ბავშვი დაიბადა და პირველივე დღეებიდან აოცებს და ახარებს მშობლებს. დედ-მამა მოუთმენლად უყურებს პატარას, თუ როგორ იცვლება და ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად. ცხოვრების პირველ წელს ისინი საკმაოდ სწრაფად იცვლებიან. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მშობლებს აინტერესებთ, ვითარდება თუ არა ბავშვი დროულად, ჩამორჩება თუ არა თანატოლებს, ჯდება თუ არა მისი განვითარება (ფიზიკური და ემოციური) ზოგადად მიღებულ ნორმებში. თითოეული ბავშვი ვითარდება ინდივიდუალურად. აღნიშნული სტანდარტებით ბავშვის განვითარება, ხშირად, არ ემთხვევა მის ასაკს.

იმისათვის რომ თვეების მიხედვით შეფასდეს ბავშვის სწორი ფიზიკური და ემოციური განვითარება, მიზანშეწონილია თქვენი პატარა ყოველთვე ატაროთ გეგმიურ ვიზიტზე პირად პედიატრთან! 

ეს მნიშვნელოვანია თქვენი ჩვილის ზრდა-განვითარებისთვის!

კლინიკა „ახალი სიცოცხლე„ გისურვებთ თქვენი შვილების ჯანმრთელობას!