კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ონკოლოგიური მიმართულებები
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად, ამ დღეს, ასზე მეტ ქვეყანაში უამრავი აქტივობა იმართება. სამედიცინო სამყაროს ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, მსოფლიოს მოსახლეობა, წლიურად, რამდენიმე მილიონ ადამიანს მაინც კარგავს ამ დიაგნოზით. კიბოსთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთავარი მიზანი კი, დაავადების პრევენცია და მოსახლეობაში მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ წლებია აქტიურადაა ჩართული ქართველი და უცხოელი ონკოპაციენტების დიაგნოსტირება-მკურნალობის პროცესში. ეს კი, მოიცავს ონკოლოგიური მიმართულებების სრულ სპექტრს, რომელსაც წელს ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის სახით უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შეემატა. აქ ამოქმედებული ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფით (Philips Vereos Digital PET/CT) უკვე ბევრ პაციენტს ჩაუტარდა სათანადო კვლევა.
ცენტრის ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო კომპლექსს ბევრი მძიმე, ზოგჯერ ე.წ. უიმედო პაციენტის ფონზე, საუკეთესო შედეგები შეუძლია წარმოადგინოს. ფაქტია, რომ ათეულობით პაციენტთან, სწორმა დაგეგმარებამ და მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ისინი კიბოსგან განიკურნენ.
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა თავის პაციენტებს მიუძღვნა და მათ, ახლიდან დაბადების, სიცოცხლის გაგრძელების და სილამაზის ნიშნად, ყვავილები უსახსოვრა. კიბო არ არის განაჩენი და ამას ის გმირი ადამიანები ამტკიცებენ, რომლებმაც ბრძოლით, პროფესიონალი ექიმების, უახლესი სამედიცინო აღჭურვილობისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპების დახმარებით, კიბო დაამარცხეს.
გახსოვდეთ, კიბო არ არის განაჩენი !
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!