ვიზიტი ალერგოლოგთან

კითხვა: მოგესალმებით. ბავშვობიდან ალერგიული ვარ, ძირითადად დერმატოლოგიური გამოვლინებები მქონდა , თუმცა ბოლო სამი თვეა თითქმის ყოველგვარ საკვებზე მაქვს ალერგია, კვერცხი, ყველი, პური, ტკბილეული და სხვა. მათი მიღების შემდეგ აუცილებლად მაყრის სახეზე. თუ მხოლოდ ბოსტნეულს ვღებულობ ( კიტრი პომიდორის გარდა) მხოლოდ მაშინ მაქვს სუფთად სახის კანი. წონაში ვიკლებ საგრძნობლად . ასევე რამდენიმე თვის წინათ სხეულზე გამიჩნდა წვრილი წითელი გამონაყარი, ფეხებსა და ხელებზე, ასევე მუცლის არეში. რა ტიპის კონსულტაციას მირჩევთ?
პასუხი:


მოგესალმებით,
საკვებზე ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა, რომელიც ვითარდება გარკვეული ტიპის საკვების მიღების შემდგომ. ალერგიის გამომწვევი საკვების მცირეოდენი დოზით მიღებამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული სიმპტომები, მაგალითად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, გამონაყარი ან სასუნთქი გზების შეშუპება. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, საკვებზე ალერგია იწვევს ძლიერ სიმპტომებს და სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციას, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება.
საკვებზე ალერგიის დროს, იმუნური სისტემა შეცდომით აღიქვამს კონკრეტულ საკვებს, ან მის რომელიმე ნივთიერება, როგორც რაიმე ზიანის მომტანს. იმუნიტეტი ათავისუფლებს ანტისხეულებს, რომლებსაც იმუნოგლობულინ E ანტისხეულები ეწოდება, რათა გაანეიტრალოს "საშიში" საკვები ნივთიერება (ალერგენი).
არსებობს მრავალი რეაქცია, რომელიც საკვებზე ალერგიის მსგავს სიმპტომებს იძლევა. საკვების აუტანლობის ტიპის მიხედვით თქვენთვის შესაძლოა დაშვებული იყოს პრობლემატური საკვების მცირეოდენი მიღება. ამ მდგომარეობისგან განსხვავებით, საკვებზე ნამდვილი ალერგიის დროს, სულ მცირე რაოდენობით მიღებული საკვები ალერგიულ რეაქციას იწვევს.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
სასურველია ვიზიტის დაგეგმვა წინასწარი ჩაწერით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა