სისხლის დონორობა - დონაცია

კითხვა: გამარჯობა, სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ ამიხსნათ როგორი სახის არის და რა შემთხვევებში შემიძლია დონორობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლის დონორობა – საპატიო და ღირსეული საქმიანობაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში გამოყენებული მეთოდები ინოვაციურია. საქართველოს კლინიკებს შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო დანადგარი ყველაზე თანამედროვეა.
სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები არის რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილი.
აპარატ „ამიკუსის“ წყალობით, დონორი არა მხოლოდ სხვის სიცოცხლეზე ზრუნავს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც იუმჯობესებს. თქვენს მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს სხვა ადამიანის სიცოცხლეს და ამავდროულად, გაწმენდს თქვენს ორგანიზმს. სწორედ ეს უპირატესობა აქვს ჩვენი კლინიკის სისხლის ბანკს.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონორის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა დაცული.
დონორს აქვს დასვენებისა და გართობის საშუალება, კერძოდ, თქვენი გემოვნების შესაბამისად, შეგიძლიათ უყუროთ სატელევიზიო გადაცემას, დატკბეთ მუსიკით, გაეცნოთ სიახლეებს ინტერნეტში, გაერთოთ ვირტუალური თამაშებით და სხვა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონაციის პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და გრძელდება მხოლოდ 1 საათის განმავლობაში.
დონორობა შეგიძლიათ 18–დან 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ადამიანებს, რომელთა წონაც 50კგ–ზე მეტია. პროცედურის დღეს თავს უნდა გრძნობდეთ კარგად და აუცილებლად იყოთ ნასაუზმევი.
რეკომენდებულია, სისხლის ჩაბარებამდე დალიოთ 0.5 ლ–მდე უალკოჰოლო სითხე.
პროცედურის დღეს არ უნდა გქონდეთ სიცხე, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები, არ მიიღოთ არავითარი მედიკამენტი, მათ შორის – ასპირინი, ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი.
სისხლის ჩაბარებამდე დონორს უტარდება მცირე ფიზიკური შემოწმება, უმოწმდება წნევა, პულსი და ტემპერატურა, ზოგჯერ – ჰემოგლობინიც.
თუ გადაწყვეტთ მობრძანებას, სასურველია წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენი კლინიკის ექიმს, ქალბატონ მარინა ღუდუშაურს , საკონტაქტო ნომერზე 577 32 77 82.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა