სიმპტომური ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობათ. ვარ 27 წლის,მყავს 3 თვის პატარა.მაქვს მღალი წნევები 140-170 ,140-180. აქამდე ყოველთვის ნორმა მქონდა ორსულობაზეც 70-110. ვიყავი ექიმებთანც მაგრამ ვერ მიგებენ. ძნევის წამალიც მხოლოდ რამდენიმე ერთეულს მიწევს.რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმრთო?
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე , სავარაუდოდ საქმე ეხება სიმპტომურ ჰიპერტენზიას. მსგავს შემთხვევებში წნევის მომატება მეორეული, გარკვეული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. მეორეული ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის, არტერიების, გულის ან ენდოკრინული სისტემის დაავადებები. მეორეული ჰიპერტენზია შეიძლება ორსულობის პერიოდშიც აღმოცენდეს. ჩვეულებრივ, მეორეული ჰიპერტენზია მიმდინარეობით განსხვავდება არტერიული ჰიპერტენზიისაგან (ესენციური) . ესენციურ ჰიპერტენზიას არ აქვს ზუსტი მიზეზი და ის შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგი იყოს. ეს ფაქტორებია გენეტიკური (მემკვიდრული) დატვირთვა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება, უმოძრაობა, სიმსუქნე.

წნევის მეორეული მომატება შეიძლება სხვადასხვა მიზეზს უკავშირდებოდეს, მათ შორის მნიშვნელოვანია:
1. შაქრიანი დიაბეტის გართულება
2. თირკმლის პოლიკისტოზი.
3. თირკმლის გორგლების დაავადებები.
4. რენოვასკულური (თირკმლის სისხლძარღვებთან დაკავშირებული) ჰიპერტენზია.
5. კუშინგის სინდრომი - ამ დროს წნევის მომატება უკავშირდება გარკვეული ჰორმონული პრეპარატების - კორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი და მისი მსგავსი საშუალებები) გამოყენებას .
6. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - წნევის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე (ჰიპერთირეოზი), ისე მათი დეფიციტი (ჰიპოთირეოზი).
7. ძილის აპნოე
8. ორსულობა - ორსულობისას მოსალოდნელია როგორც არსებული ჰიპერტენზიის სურათის გაუარესება, ასევე ჰიპერტენზიის პირველად აღმოცენება.
9. მედიკამენტები და დანამატები - არტერიული წნევის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს ტკივილგამაყუჩებლები, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები.

სიმპტომური ჰიპერტენზიის დროს ტარდება სათანადო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები - სისხლში ელექტროლიტების, კრეატინინის, გლუკოზის განსაზღვრა, შარდის ანალიზი, ზოგჯერ თირკმლების ექოსკოპია. ცვლილებების არსებობისა და სათანადო კლინიკური სურათისას შესაძლოა დაიგეგმოს სპეციალური გამოკვლევები ენდოკრინოლოგიური დაავადებების გამოსარიცხად ან თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია.
თუ გსურთ ალტერნატიული მოსაზრების მოსმენა, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას , ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა