ქიმიოთერაპიით მკურნალობის გვერდითი ეფექტები

კითხვა: გვაინტერესებს ხიმიის შემდეგ ღებინების წინააღმდეგ რა ზომებს მივმართოთ, როცა თვეების განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ ღებინება გვაწუხებს. მეტასტაზი არ არისო გვაიმედებენ ექიმები , მაგრამ ღებინება როგორ შევაჩეროთ ეს გვაინტერესებს, გვეუბნებიან ეს ქიმიოტერაპიის შემდეგ ვლინდებაო, ვახმარეთ ზონდარონი, მაგრამ არ შველის, რა რჩევას მოგვცემდით,
პასუხი:

ქიმიოპრეპარატების გვერდითი ეფექტები უპირველესად სისხლის ფორმულაზე აისახება. ამიტომაცაა საჭირო მონიტორინგი, ექიმთან მუდმივი კავშირი და ყოველკვირეული ვიზიტი. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და თმის ცვენა. ამ ყოველივეს ყველა პრეპარატი არ იწვევს, მაგრამ, რომც გამოიწვიოს, არც ეს არის საშიში . ქიმიოთერაპიით მკურნალობის დროს ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ მსუყედ უნდა იკვებოს. პირიქით, სასურველია ზომიერი, ხშირი და მცირე ულუფებით და ნაკლებცხიმიანი, დიეტური კვება, მწარე, მჟავე, ცხარე საკვების შეზღუდვა, განსაკუთრებით – პირველი ათი დღის განმავლობაში.
ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია, ანუ დიდი რაოდენობის სითხის მიღება, რათა ქიმიოთერაპიის ინტოქსიკაციური მოვლენები, მაგალითად გულისრევა და ღებინება, თავიდან ავიცილოთ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ჰიდრატაცია წამლის მოქმედებას შეასუსტებს – “გამორეცხავს”, წამალი აღარ დარჩება ორგანიზმშიო, ამბობენ. წამალი თავის დანიშნულებას ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს, ჰიდრატაცია კი მაქსიმალურად მოხსნის გვერდით ეფექტებს. მათთვის, ვისაც სითხის ჭარბად მიღება უჭირთ, რეკომენდებულია ინტრავენური ინფუზია.
საზოგადოდ, ქიმიოთერაპია წინათ უფრო მძიმე დანიშნულებად აღიქმებოდა. ამჟამად გამოიყენება ახალი თაობის მედიკამენტები, ანტიემეტური (ღებინების საწინააღმდეგო) პრეპარატებიც წინამორბედებთან შედარებით გაცილებით ძლიერი და ეფექტურია და თუ პაციენტი ზუსტად ასერულებს ექიმის მითითებებს, შესაძლოა ინტოქსიკაციური გამოვლინებებიც მინიმუმამდე დავიდეს.ჩვენი რჩევა იქნება აუცილებლად გაითვალსიწინეთ მკურნალი ექიმის მითითებები და ჩვენი რჩევები .გმადლობთ რომ ენდობით კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა