მუხლის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს მუხლი და ორივე ფეხებზე მაქვს სიმძიმე იქნებ მირჩიოთ რამე წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით! მუხლის სახსრის ტკივილის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ინფექციური (რევმატიზმი, ინფექციური ართრიტები), გენეტიკური, იმუნოლოგიური (სისტემური დაავადებები) ფაქტორები, მეტაბოლური დარღვევები (პოდაგრა, ქონდროკალცინოზი, დიაბეტი), ტრავმა და მიკროტრავმა, ნეიროენდოკრინული დარღვევები, მიკროცირკულაციის მოშლა, თუმცა ყველაზე ხშირია ოსტეოართროზი . ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ცალი მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმულმა დაზიანებამ, გონართროზმა, პოდაგრამ, რეაქტიულმა ართრიტმა, რეიტერის დაავადებამ, ინფექციურმა (მაგალითად, სიფილისურმა ტუბერკულოზურმა) ართრიტმა და სხვა. თავდაპირველად უნდა დადგინდეს ტკივილის კავშირი ტრავმასთან, უხერხულ მოძრაობასთან - ასეთ დროს ხშირად ზიანდება მუხლის იოგოვანი აპარატი, მისი ხრტილოვანი ამორტიზატორი - მენისკი. დიაგნოზის დასმისას ექიმი ყურადღებას აქცევს: ტკივილის დასაწყისს - მწვავეა, მუდმივი, თანდათანობითი, შეტევითი თუ ყრუ; გავრცელებას - ლოკალურია, წერტილოვანი თუ დიფუზური; ხასიათს - სტარტულია, მექანიკური, მოსვენებისას აღინიშნება, დილით თუ ღამით და ასე შემდეგ; პაციენტის სქესსა და ასაკს; გენეტიკურ დატვირთვას; სხვა დაავადების (ტუბერკულოზი, დიაბეტი, ინფექციური ან ვენერული დაავადებები) თანაარსებობას; დაზიანების სიმეტრიულობას. რაც შეეხება დიაგნოსტირებას მუხლის სახსრების ტკივილის დროს, პირველ ყოვლისა, აუცილებელია კლინიკური გასინჯვა, ამის შემდეგ ექიმი შეადგენს გამოკვლევების რაციონალურ სქემას, რომელიც სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება. გამოკვლევისას იყენებენ რენტგენოლოგიურ, ულტრასონოგრაფიულ, ლაბორატორიულ მეთოდებს, რომლებიც მეტ-ნაკლები ალბათობით ინიშნება სხვადასხვა პათოლოგიის დროს. გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში რევმატოლოგთან კონსულტაციის მიზნით. პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა