გასტრიტი, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგია

კითხვა: გამარჯობა, ამას წინაც მოგწერეთ, რომ ორი დღეა, რაც სწრაფად მოძრაობისას, მარცხენა ნეკნი მტკიოდა და თქვენ მითხარით, რომ ეს შესაძლოა ნევრალგია ყოფილიყო, მაგრამ შესაძლოა, რომ იგივე სიმპტომები გასტრიტსაც ახასიათებდეს? ჩემს შემთხვევაშიი, ტკივილი საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ მოძრაობისას მტკივა და მაინც შესაძლებელია რომ გასტრიტი იყოს? გული გამოკვლეული მაქვს და ჯანმრთელია, და ბოლოს, ბოდიშს გიხდით დიდი ტექსტისთვის, მაგრამ თუ ნევრალგია აღმოჩნდა, საშიში ხომ არაა? წამლებით გაივლის? ორი დღის წინ ქარში მომიწია დიდი ხნით ყოფნა და გაციების ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს? ვარ 19 წლის. ორშაბათამდე ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და ამიტომ გეკითხებით, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
პასუხი:


მოგესალმებით,
ზოგადად, გასტრიტის დროს შესაძლოა ტკივილი აღმოცენდეს ეპიგასტრიუმში – მუცლის ზედა ნაწილში, ნეკნების ერთმანეთთან შეერთების ადგილას. ძირითადად, ტკივილი აღმოცენდება ჭამის დროს, ჭამის შემდეგ, ან კვების შემდგომ წამოწოლით.
რაც შეეხება ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოსტიკას – ხდება პალპაციით, ფუნქციური ტესტებით (მოძრაობის შემოწმება), ასევე შეიძლება დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდისა და გულმკერდის გამოკვლევის დამატებითი აპარატული მეთოდები.
თუ გამოვლინდება ნეკნთაშუა ნევრალგია, მისი სირთულისა და მიზეზების გათვალისწინებით, ინიშნება შემდეგი სამკურნალო ქმედებები:
მედიკამენტური მკურნალობა (არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ჰორმონები, ანტივირუსული პრეპარატები, B ჯგუფის ვიტამინები), მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია და ა.შ.
აქედან გამომდინარე, გონივრული განსჯის შედეგად, სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, საჭიროა მიმართოთ ექიმს, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.
როგორც თავად აღნიშნავთ „ორი დღის წინ ქარში მომიწია დიდი ხნით ყოფნა და გაციების ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს“ სასურველია გამოირიცხოს პნევმონია.
ამიტომ გირჩევთ, როდესაც მოახერხებთ, აუცილებლად გაესინჯეთ თერაპევტს.
მანამდე, შეგიძლიათ წაისვათ ლოკალური მალამო, მაგალითად დიპრილიფი, თუ დაგეხმარებათ ტკივილის კუპირებაში, ამას ნეკნთაშუა ნევრალგიის სადიაგნოსტიკო მნიშვნელობაც ექნება.
ჩვენი შემოთავაზება, კი ნევროლოგის უფასო კონსულტაციასთან დაკავშირებით, კვლავინდებურად ძალაშია.
უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა