ეპილეფსია

კითხვა: გამარჯობა,ერთი კითხვა მაქვს და ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ,გული წამივიდა თან კრუნჩხვებიც მქონდა პირღებინება,ჰაერის უკმარისობაც,მაინტერესებს რისი მიზეზია ხომ არ არი რამე პათოლოგია.გთხოვთ მიპასუხოთ.
პასუხი:

მოგესალმებით, თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომძალიან გავს  ეპილეფსიურ გულყრას. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია რიგი გამოკვლევების ჩატარება. ეპილეფსიაზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს, მაგალითად, ჰგონიათ, რომ გადამდებია ანდა გონებაჩლუნგობას იწვევს, თუმცა  ეს დაავადება არც გადამდებია და, საბედნიეროდ არც უკურნებელი. ეპილეფსია გახლავთ თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლის მთავარი ნიშანი გულყრაა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გულყრა ყოველთვის არ არის ეპილეფსიის შედეგი. ის შეიძლება ამა თუ იმ სიტუაციას, მაგალითად, ალკოჰოლის გადაჩვევის მცდელობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჰორმონული ფონის ცვლილებას, მცირე ასაკის ბავშვებში სხეულის ტემპერატურის მატებას (ასეთი გულყრა ფებრილურის სახელით არის ცნობილი)  უკავშირდებოდეს და ერთჯერადი იყოს.ეპილეფსია ქალებსა და მამაკაცებში თანაბარი სიხშირით გვხვდება, თუმცა ზოგიერთი ავტორის მიხედვით, მამაკაცები უმნიშვნელოდ ლიდერობენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არსებობს სპეციფიკური სინდრომები, რომლებიც უპირატესად რომელიმე ერთი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ. ქალებში გამოყოფენ კატამენიალურ ეპილეფსიას, რომელიც მენსტრუალური ციკლის დაწყებისას ვლინდება, ასევე – მენოპაუზის, ორსულობის ეპილეფსიებს. მათ ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება. თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ეპილეფსიებს ორ დიდ ჯგუფად – ფოკალურ და გენერალიზებულ ფორმებად – ვყოფთ.
პირველ შემთხვევაში  გულყრა თავის ტვინის რომელიმე უბანში აღმოცენდება, ამიტომ მას ლოკალიზაციადამოკიდებულ ეპილეფსიურ გულყრასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ უბანში ხდება გულყრის გენერაცია (შუბლისა,  საფეთქლისა, თხემისა თუ კეფისა), გამოვლინებაც სხვადასხვაგვარია.
მეტად საყურადღებოა გენერალიზებული ფორმა, იგი არა თავის ტვინის ლოკალური უბნის, არამედ მთელი ამ ორგანოს, მისი ორივე ჰემისფეროს ნეირონთა ცვლილებით არის განპირობებული.
იმის გარჩევას, ფოკალურია ეპილეფსია თუ გენერალიზებული, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის, არამედ პროგნოზის თვალსაზრისითაც.
საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ გენერალიზებული ტიპის ეპილეფსიები კარგად ემორჩილება მკურნალობას და შემთხვევათა 80-90%-ში იკურნება.  დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგის უფასო კონსულტაცია პარასკევს, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 . გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა