აზოოსპერმია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მე და ჩემმა მეუღლემ ჩავიტარეთ სრული გამოკვლევა უშვილობასთან დაკავშირებით.მე მითხრეს რომ ყველაფერი რიგზე მაქვს,თუმცა ჯერ ნაცხის ანალიზის პასუხი არ ქონდათ.მეუღლეს უთხრეს რომ სპერმის ხარისხი დაბალია.დაუნიშნეს სოკოს და ანთების საწინააღმდეგო წამლები.ჩემი ანალიზის პასუხი ნორმაშია თ უ არა კონსულტაცია მჭირდება. გონოკოკი ნეგატიურია ლეიკოციტები 10-12; 10-11 ეპით.უჯრედები დიდი რაოდენობით ბაქტერიები კოკები საშ.ტაოდენობით; კოკები დიდი რაოდენობით გარდნერელ ნეგატიური სოკო POS + ერთეულის სახით ტრიქომონა ნეგატიური გემუდარებით მითხარით მეც მჭირდება მკურნალობა? მეც თუ სოკო მაქვს ახლა ისევ თავიდან გადავდებ? :(( დამეხმარეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ თქვენს მეუღლეს დაუდგინდა აზოოსპერმია რაც ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ეაკულატში (სპერმაში) სპერმატოზოიდების აღმოჩენა შეუძლებელია ან მცირე რაოდენობითაა.
არსებობს აზოსპერმიის ორი ფორმა:

  • ობსტრუქციული
  • არაობსტრუქციული.

ობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს, როგორც წესი, ჰორმონების დონე და სათესლე ჯირკვლების ზომა ნორმაშია, თუმცა შესაძლოა, სპერმატოზოიდების სპერმაში გადასვლას სათესლის დანამატის გადიდება, სასქესო ორგანოებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, ან რეპროდუქციულ ორგანოთა ტრავმები უშლიდეს ხელს.
არაობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს კი, სპერმატოზოიდების გამომუშავება საერთოდ შეუძლებელია.
აზოოსპერმია მამაკაცის სქესობრივ აქტივობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა აღნიშნული პათოლოგია უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
აზოოსპერმიის სამკურნალოდ, მიზანშეწონილია სპეციალური კვების რეჟიმის დანიშვნა, რომელიც ცხოველური და მცენარეული ცილებით, A, C, E, B12 ვიტამინებით, მიკროელემენტებით (ცინკი, სელენი) მდიდარი საკვებისა და ინდივიდუალურად შერჩეული ბიოაქტიური დანამატების მიღებას გულისხმობს.
რაც შეეხება ნაცხის ბაქტერიოლოგიურ კვლევას მოგახსენებთ, სოკო POS + ერთეულის სახით, ტრიქომონა ნეგატიური – ნიშნავს, რომ ტრიქომონა, კვლევის შედეგად , არ გამოვლინდა, თუმცა სოკო კვლავ არსებობს ერთეული ფორმით . ზოგადად სოკოვანი ინფექციები იკურნებიან ძნელად და საჭიროებენ ხანგრძლივ და კომპლექსურ მკურნალობას.
ასე, რომ გირჩევთ თქვენც განმეორებით მიაკითხოთ გინეკოლოგს და მეუღლესთან პარალელურად ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი, ხოლო მთელი პერიოდის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი აქტიურობისაგან.
მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, ან თუ გნებავთ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში საკონსულტაციოდ, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.


გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა