ძუძუს კიბო და დაავადების მართვის მეთოდები

ძუძუს კიბო და დაავადების მართვის მეთოდები

კლინიკა ახალი სიცოცხლე

სარძევე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად მიიჩნევა ქალბატონებში. სწორედ ამ საკითხის შესახებ, დეტალურად გვესაუბრება კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოლოგი, რბილი ქსოვილების ონკოლოგი თამთა გაბრიაძე.

იხილეთ აქცია – https://bit.ly/3JI4sPb 

მსოფლიო და საქართველო სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ

ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში, 2020 წელს დაფიქსირდა 2,2 მილიონზე მეტი შემთხვევა. სარძევე ჯირკვლის კიბო გვხვდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ნებისმიერი ასაკის ქალბატონებში, მაგრამ ზრდა შეინიშნება საშუალოდ 40 წლის ასაკიდან.

საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული - HER2 - რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო.

ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის გაახალგაზრდავების შესამცირებლად, ერთადერთი გზა მისი ადრეულ ეტაპზე(სტადიაზე) დიაგნოსტირებაა.  ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად(საშუალოდ  40წ-დან ზემოთ პირებში) კი, მიიჩნევა მამოგრაფიული კვლევა.   

-როგორ წარმოიქმნება ძუძუს კიბო?

-ძუძუს კიბო წარმოიქმნება სადინრების (85%) ლორწოვან უჯრედებში (ეპითელიუმში) ან სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ლობულებში (15%). თავდაპირველად, სიმსივნური ზრდა შემოიფარგლება სადინრით ან წილით („in situ ადგილობრივი კიბო “), სადაც ის ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს და აქვს გავრცელების მინიმალური პოტენციალი (მეტასტაზები).

დროთა განმავლობაში, ადგილობრივი - in situ (სტადია 0) კიბო შეიძლება პროგრესირდეს და შეიჭრას  მიმდებარე  ქსოვილში (ინვაზიური ძუძუს კიბო), შემდეგ კი გავრცელდეს ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში (რეგიონული მეტასტაზები) ან სხეულის სხვა ორგანოებში (შორეული მეტასტაზები).

სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა შეიძლება იყოს უაღრესად ეფექტური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება ადრეულ ეტაპზეა გამოვლენილი. სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა ხშირად შედგება ქირურგიული, რადიაციული თერაპიისა და მედიკამენტური თერაპიის (ჰორმონული თერაპია, ქიმიოთერაპია და/ან მიზანმიმართული ბიოლოგიური თერაპია) კომბინაციით, რაც ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

-ვინ არის ძუძუს კიბოს განვითარების რისკის ქვეშ?

-ძუძუს კიბო არ არის ინფექციური დაავადება ზოგიერთი კიბოსგან განსხვავებით, რომელსაც აქვს ინფექციასთან დაკავშირებული მიზეზები, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ინფექცია და საშვილოსნოს ყელის კიბო. უცნობია ძუძუს კიბოს განვითარებასთან  სპეციფიკური ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების კავშირი.

ძუძუს კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი ვითარდება ქალბატონებში, რომლებსაც არ აქვთ სპეციფიკური ძუძუს კიბოს გამომწვევი ფაქტორები, გარდა სქესისა (ქალი) და ასაკისა (40 წელზე მეტი).

ფაქტორები, რომლებიც ზრდის ზრდის ძუძუს კიბოს რისკს არის: 

  1. ასაკის მატება;
  2. სიმსუქნე;
  3. ალკოჰოლის მავნე მოხმარება;
  4. ძუძუს კიბოს ოჯახური ისტორია;
  5. რადიაციული ზემოქმედების ისტორია;
  6. რეპროდუქციული ისტორია (გვიანი მენსტრუაცია და გვიანი პირველი ორსულობა);
  7. თამბაქოს მოხმარება;
  8. პოსტმენოპაუზის ჰორმონოთერაპია.

მდედრობითი სქესი არის ძუძუს კიბოს ყველაზე ძლიერი რისკის ფაქტორი. ძუძუს კიბოს დაახლოებით 0,5-1% გვხვდება მამაკაცებში. მამაკაცებში ძუძუს კიბოს მკურნალობა ექვემდებარება მართვის იგივე პრინციპებს, როგორსაც  ქალბატონებში.

ძუძუს კიბოს ოჯახური ისტორია ზრდის დაავადებიანობის რისკს, მაგრამ ქალბატონების უმრავლესობას, რომლებსაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაესვათ, არ აქვთ დაავადების გენეტიკური მიზეზები.

კიბოს ოჯახური ისტორიის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალბატონი რისკის ქვეშ არ იმყოფება.

ზოგიერთი მემკვიდრეობითი  შემთხვევები,  გენის მუტაციები მნიშვნელოვნად ზრდის ძუძუს კიბოს რისკს, დომინანტურია:  BRCA1, BRCA2 და PALB-2 გენების მუტაციები(გადაგვარება).

ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნული გენების მუტაციები, შეუძლიათ განიხილონ რისკის შემცირების სტრატეგიები, როგორიცაა: კიბოს პრევენცია ძუძუს ქირურგიული ჩარევით. ასეთი უაღრესად ინვაზიური მიდგომის განხილვა, ეხება მხოლოდ ქალბატონების ძალიან შეზღუდულ რაოდენობას. უნდა იყოს ყურადღებით შეფასებული ყველა ალტერნატივა და  გათვალისწინებული სხვა რეპროდუქციული მდგომარეობები: თანმხლები დაავადებები, ლაქტაციური ასაკი, პოტენციური ლაქტაციის მდგომარეობა და ა.შ.

ნიშნები და სიმპტომები

  1. ძუძუს სიმსივნე ან გამკვრივება;
  2. ძუძუს ზომის, ფორმის ან გარეგნობის შეცვლა;
  3. კანის მხრივ: ჩაღრმავება, სიწითლე, ნაოჭების გაჩენა ან სხვა სახის ცვლილება;
  4. ძუძუს გარეგნობის ცვლილება ან ძუძუს მიმდებარე კანის ცვლილება (არეოლა) და/ან ძუძუს არანორმალური გამონადენი;
  5. ძუძუს სიმსივნის წარმოქმნის მრავალი მიზეზი არსებობს, რომელთა 90% არ არის კიბო და მიეკუთვნება ძუძუს არაონკოლოგიურ პათოლოგიებს.

თუ აღმოაჩენთ სიმპტომებს დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.

ფაქტორები  რომლებიც 30%-ით ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს, მოიცავს:

  • ხანგრძლივი ძუძუთი კვება - 1წელზე მეტი;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
  • წონის კონტროლი;
  • ალკოჰოლის მავნე გამოყენების თავიდან აცილება;
  • თამბაქოს კვამლის ზემოქმედების თავიდან აცილება;
  • ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენების თავიდან აცილება;
  • ზედმეტი რადიაციული ზემოქმედების თავიდან აცილება;
  • დროული მიმართვა ძუძუს წარმონაქმნის შემჩნევისას ან 40 წლის ზემოთ რეგულარული ვიზიტები სპეციალისტთან.

-რა არის მამოგრაფია?

-მამოგრაფია არის მკერდის რენტგენული სურათი. ექიმები მას იყენებენ ძუძუს კიბოს ადრეული ნიშნების გამოსავლენად. რეგულარული მამოგრაფია საუკეთესო საშუალებაა ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის.

-რას ნიშნავს მკვრივი მკერდი?

-მამოგრაფია აჩვენებს, თუ რამდენად მკვრივია თქვენი მკერდი - რამდენად მჭიდროდ არის განთავსებული შრეობრივი სტრუქტურები ძუძუს ერთიან კომპოზიციაში. როდესაც თქვენ მიიღებთ მამოგრაფიის შედეგებს, შეიძლება ასევე გითხრათ, აქვს თუ არა თქვენს მკერდს დაბალი ან მაღალი სიმკვრივე, როგორც წესი მაღალი სიმკვრივე ასაკის მატებასთან ერთად იკლებს.

-როგორ სვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს?

-ექიმები ხშირად იყენებენ დამატებით ტესტებს ძუძუს კიბოს აღმოსაჩენად ან დიაგნოსტირებისთვის.

კერძოდ, ინვაზიურს-ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური კვლევით და არაინვაზიურ მეთოდებს: მამოგრაფია, ექოსკოპია და სხვა.

სპეციფიკური რადიოლოგიური კვლევები: კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT), პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT).

-როგორ მკურნალობენ ძუძუს კიბოს?

-ძუძუს კიბოს მკურნალობის სტრატეგიის გადასაწყვეტად იმართება  ექიმთა  კონსილიუმი  ქირურგი-მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგის (ქიმიოთერაპევტი), რადიაციული ონკოლოგის (სხივური თერაპევტი) მონაწილეობით.

დაავადების სტადია განსაზღვრავს ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდს. თანამედროვე ქირურგია ძუძუსთან მიმართებაში, ითვალისწინებს სხეულის მთლიანობის მაქსიმალურად დაცვას და ესთეტიკას, დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა ჩატარდეს ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციები, რომელიც აუმჯობესებს ქალბატონის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ხარისხს.

გახსოვდეთ, სარძევე ჯირკვლის კიბო განკურნებადი დაავადებაა, როდესაც ის გამოვლინდება ადრეულ სტადიაზე, ისევე, როგორცკიბოს მრავალი ტიპის შემთხვევაში!

კიბო არ არის განაჩენი!

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ