ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 2012 წლიდან ფუნქციონირებს მძლავრი მულტიპროფილური დეპარტამენტი. დეპარტამენტში გაერთიანებულია: ტოქსიკოლოგია, თერაპია, კარდიოლოგია, ალერგოლოგია და ენდოკრინოლოგია.
თანამედროვე პირობებში, ნებისმიერი სპეციალობის ექიმის მოღვაწეობაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში მთელი რიგი მდგომარეობების დროულ ამოცნობასა და მისთვის გაწეულ გადაუდებელ დახმარებას. იმის გათვალისწინებით, რომ მწვავე მოწამვლათა რისკი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, განუწყვეტლად მატულობს, რაც დაკავშირებულია "ქიმიური საშიშროების" ზრდასთან, მედიკამენტების არაკონტროლირებად გამოყენებასთან, საყოფაცხოვრებო პირობებში მხუთავი აირით ინტოქსიკაციის მძიმედ მიმდინარე ხშირ შემთხვევებთან, მწვავე ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან, ტოქსიურ ნივთიერებათა სუიციდის მიზნით გამოყენებასთან, კვებით ინტოქსიკაციებთან (სოკო, პესტიციდები, მძიმე მეტალთა მარილებით დაბინძურებული ბოსტნეული), ტოქსიკოლოგიური მიმართულების არსებობა ნებისმიერი მრავალპროფილური კლინიკისთვის პრიორიტეტული დარგია.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიური მიმართულება საქართველოში არსებული ორი განყოფილებიდან ერთ–ერთია.
მიმართულების უმთავრესი პრიორიტეტია კადრების მაღალი პროფესიონალიზმი, მათი გამოცდილების მუდმივი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება. განყოფილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ბაზაა. მიმდინარეობს როგორც სტუდენტთა, ასევე რეზიდენტთა ცოდნის ამაღლება, სწავლება. დღე–ღამის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად მიმდინარეობს ნებისმიერი სირთულის ურგენტული პაციენტების მიღება როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული კლინიკებიდან.
დეპარტამენტის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება თერაპიული პროფილია, სადაც მკურნალობენ პაციენტები თერაპიული, ალერგოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ინტენსიური თერაპიის პალატები და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ერთობლივი, გუნდური მუშაობა უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი სირთულის პაციენტის სრულყოფილ გამოკვლევას, დიაგნოსტირებას, შესაბამისი მკურნალობის დაწყებას მუდმივი მოვლისა და სრულყოფილი მზრუნველობის პირობებში.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მეხუთე წელია წარმატებით ფუნქციონირებს მულტიპროფილური დეპარტამენტის კარდიოლოგიური სამსახური.
კარდიოლოგიური მიმართულებით ტარდება ყველა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა და მკურნალობა გულის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული პაციენტებისათვის. მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ წარმატებით ხორციელდება ისეთი ნოზოლოგიების მკურნალობა, როგორიცაა:
• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
• სტენოკარდია;
• გულის უკმარისობა;
• გულის რითმის მოშლა;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• გულის მანკები;
• სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიები.
კარდიოლოგიურ სამსახურში მუდმივად ინერგება ინოვაციური მეთოდები, გაიზარდა კარდიოლოგიური კვლევების სპექტრი. კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის ექოდოპლეროგრაფიის აპარატი, რომლის საშუალებითაც გამოკვლევა ხდება სხვადასხვა მოდალურ რეჟიმში, იმპულსური, უწყვეტი და ფერადი დოპლერით. აგრეთვე ხორციელდება ელექტროკარდიოგრამის და არტერიული წნევის 24–საათიანი კომბინირებული მონიტორინგი „Holter“-ის მეთოდით, ციფრული ელექტროკარდიოგრაფით ეკგ ავტომატური ანალიზით. აღნიშნული გამოკვლევებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულის რითმის ვარიაბელობაზე დაკვირვებას პოსტინფარქტულ პაციენტებზე, ასევე არასტაბილური სტენოკარდიის მქონე და გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პაციენტებში გართულებული რისკის განსაზღვრა, ოპტიმალური შრომისა და მოსვენების რეჟიმის რეგულირება.
მესამე წელია ქირურგიის ეროვნული ცენტრის მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს ინვაზიური კარდიოლოგიის დარგის ფუნქციონირება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კათეტერიზების ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე იაპონური წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12, რომელიც კორონარული ინტერვენციის მკვეთრი სიზუსტით შესრულების და მაქსიმალური რეზულტატის მიღების საშუალებას იძლევა, რის გამოც უკვე წარმატებით ხორციელდება მიოკარდიუმის მწვავე იშემიის დიაგნოზის მქონე პაციენტების ურგენტულ რეჟიმში მიღება და სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით არის დანერგილი ექიმ–ჰოსპიტალისტთა მუშაობა, რომლებიც არიან სტაციონარულ პაციენტთა ზოგად სამედიცინო დახმარებაზე ფოკუსირებული ექიმები.
დღე–ღამის განმავლობაში კლინიკა ღებულობს ნებისმიერი სირთულის ავადმყოფებს ურგენტულად, რის გამოც დაიმკვიდრა სახელი, როგორც მძიმე და რთული პაციენტების მართვის ცენტრმა, რომელთა მკურნალობა გაძნელებულია არა მარტო რეგიონებში, არამედ თბილისის სხვა კლინიკებშიც.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თერაპიული მკურნალობა უტარდება პაციენტებს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში ქრონიკული და მწვავე დაავადებებით, ხშირად ისეთი რთული პათოლოგიების, როგორიცაა მძიმე ფორმის პნევმონია, ფქოდ–ი, დიაბეტი, თირკმლის და ღვიძლის დაავადებები.
მულტიპროფილური დეპარტამენტის პრიორიტეტს წარმოადგენს ფილტვის დაავადებების გამოკვლევა და მკურნალობა. ზ.ა. განპირობებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში სასუნთქი სისტემის დაავადებათა პროცენტული მატებით. პულმონოლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების ხშირი თანხვედრის გათვალისწინებით მულტიპროფილურ დეპარტამენტს აქვს კომპლექსური მომსახურების პრიორიტეტი. მუდმივად ხორციელდება ინოვაციური მეთოდების დანერგვა შინაგანი მედიცინის სხვა სპეციალობებშიც.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილურ დეპარტამენტში გახსნილია სათანადოდ აღჭურვილი ინტენსიური თერაპიის და ინტენსიური კარდიოლოგიის ბლოკები,სადაც უამრავ პაციენტს უტარდება შესაბამისი მკურნალობა.