გინგივიტი

კითხვა: მაქვს ღრძილების ანთება. მაინტერესებს თუ არის გადამდები და რით შეიძლება ვუმკურნალოთ?
პასუხი:

გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია (კბილები არ ირყევა). გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები. ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის - კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას. გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია). ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის - მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა. ზოგადად, არც გინგივიტი, პაროდონტიტი და პაროდონტოზი გადამდები არ არის, მაგრამ თუ დაავადების მიზეზი არის ვირუსული ინფექცია, ჰერპესული გინგივიტი, ასეთი გინგივიტი უკვე გადამდებია. რაც შეეხება მკურნალობას ანთების ფორმის შესაბამისად წარიმართება, ზოგადი მითითებები კი ასეთია: გაუტკივარება, გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ტკივილის გაყუჩება, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, იმუნიტეტის მოძლიერება, ანტისეპტიკა (სავლები, პირის ღრუს აბაზანები), ღრძილების ეპითელიზაციის (შეხორცების) დაჩქარება (სოლკოსერილი, აქტოვეგინი).
ანტიბიოტიკები შეირჩევა ანტიბიოტიკოგრამის შესაბამისად. მათი გამოყენება პათოლოგიური პროცესის აქტივობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. საჭიროებისას მიმართავენ მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებს: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) დენს. გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგ-პარადონტოლოგს. ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი ვერ მოგემსახურებათ. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა