ეპილეფსია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 19 წლის და მაწუხებს ხელების დაბუჟება და კანკალი. ადრე რაღაცაზე ძალიან გავნერვიულდი და ცხვირ-პირის არეში, ასევე თითების დაბუჟება დამეწყო და მას შემდეგ ხელების კანკალი მაწუხებს, ეს განმეორდა დაახლოებით 1 თვის წინაც, ოღონდ ამჯერად არაფერზე ვყოფილვარ განერვიულებული, პირიქით, ავდექი, ჰაერი არ მყოფნისთქო და აივანზე რომ გამიყვანეს უფრო რთული შეტევა მქონდა, ამჯერად ფეხის ქვედა კიდურებიც დამიბუჟდა, ხელები და მთლიანი სახე და პირველ შეტევასთან შედარებით დიდხანს გაგრძელდა ალბათ 5-7 წუთი. ამასთანავე ხელის თითებს ვერ ვშლიდი ერთმანეთზე მედებოდა და ვერ ვგრძნობდი, შემდეგ ცოტა რომ გადამიარა ღებინების შეგრძნება მქონდა, საავადმყოფოში რომ მივედი ალერგიული შეტევა იყოვო და ნემსი გამიკეთეს. ხელების კანკალმა კი ძალიან შემაწუხა ამიტომ მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები ძალიან ჰგავს მცირე ეპილეფსიურ გულყრას. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია რიგი გამოკვლევების ჩატარება.
ეპილეფსია გახლავთ თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლის მთავარი ნიშანი გულყრაა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გულყრა ყოველთვის არ არის ეპილეფსიის შედეგი. ის შეიძლება ამა თუ იმ სიტუაციას, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჰორმონული ფონის ცვლილებას უკავშირდებოდეს.
ეპილეფსია ქალებსა და მამაკაცებში თანაბარი სიხშირით გვხვდება, თუმცა ქალებში გამოყოფენ კატამენიალურ ეპილეფსიას, რომელიც მენსტრუალური ციკლის დაწყებისას ვლინდება, ასევე – მენოპაუზის, ორსულობის ეპილეფსიებს. მათ ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება. თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ეპილეფსიებს ორ დიდ ჯგუფად – ფოკალურ და გენერალიზებულ ფორმებად ვყოფთ.
პირველ შემთხვევაში გულყრა თავის ტვინის რომელიმე უბანში აღმოცენდება, ამიტომ მას ლოკალიზაციადამოკიდებულ ეპილეფსიურ გულყრასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ უბანში ხდება გულყრის გენერაცია (შუბლის, საფეთქლის, თხემის თუ კეფის), გამოვლინებაც სხვადასხვაგვარია.
მეტად საყურადღებოა გენერალიზებული ფორმა, იგი არა თავის ტვინის ლოკალური უბნის, არამედ მთელი ამ ორგანოს, მისი ორივე ჰემისფეროს ნეირონთა ცვლილებით არის განპირობებული.
იმის გარჩევას, ფოკალურია ეპილეფსია თუ გენერალიზებული, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის, არამედ პროგნოზის თვალსაზრისითაც.
საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ გენერალიზებული ტიპის ეპილეფსიები კარგად ემორჩილება მკურნალობას და შემთხვევათა 80-90%-ში იკურნება. დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგის უფასო კონსულტაცია პარასკევს, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა