რატომ აცვიათ ექიმებს თეთრი ხალათი?

რატომ აცვიათ ექიმებს თეთრი ხალათი?

ფსიქოლოგების აზრით, თეთრი ხალათის ხსენებაზე ადამიანების დიდ ნაწილს ექიმი, საავადმყოფო და ჯანმრთელობა ახსენდება.

ალბათ ვერც კი წარმოგიდგენიათ ექიმი თეთრი ხალათის გარეშე. ზოგადად ეს ფერი ხსნის დაძაბულობას, პიროვნებას მობილიზირებულს ხდის, ხელს უწყობს აზროვნებას, ასოცირდება სისუფთავესთან და ნდობასთან. გაგიკვირდებათ, მაგრამ თეთრი ხალათი და მედიცინა ყოველთვის არ ყოფილა განუყოფელი.

საიდან გაჩნდა იდეა, რომ ექიმს თეთრი ხალათი ჩაეცვა?

მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ექიმებს მხოლოდ შავი ფერის ხალათი ეცვათ. ამ ფერს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა და მუქი ფერის გამო სისხლი მარტივად ინიღბებოდა.

თუმცა მე–19 საუკუნის ბოლოს მედიცინაში ახალი ერა იწყება – თეთრი ფერი სისუფთავის ერთგვარი სიმბოლო ხდება. საავადმყოფოები იღჭურვება ახალი, თეთრი ზეწრებით, მედდები თეთრ ქუდებს, ხოლო ექიმები ამ ფერის ხალათებს ირგებენ. ამ ეპოქაში სპეც სამოსის ფერის ცვლილება ასევე ემსახურებოდა საზოგადოებაში მედიცინის მუშაკის მიმართ ნდობის აღდგენისა და ხელების დამუშავების (ხელების სტერილურად დაბანა) ახალი უნარების განვითარებას – ეს იყო ჯანდაცვის სისტემაში პროგრესის, პრიმიტიული სამედიცინო იარაღებიდან სამეცნიერო დონის პრაქტიკულ მოღვაწეობაზე გადასვლის დრო.

მოვლენები სწრაფად რომ ვითარდებოდა, ამაზე ხელოვნების ნიმუშებიც მეტყველებს. ამერიკელი რეალისტი მხატვარი ტომას იკინსი ცვლილებებს ფერწერული ტილოებით გამოეხმაურა. 14 წლის შუალედით შექმნილი ნახატები („The Gross Clinic” და “The Agnew Clinic”) სამედიცინო სფეროში არსებული ცვლილებების ამსახველი ერთ–ერთი სანიმუშო მაგალითია.

პაციენტების დამოკიდებულება თეთრი ხალათის მიმართ

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ექიმს თეთრი ხალათი მე–20 საუკუნიდან აცვია როგორც მშვიდობის, ეთიკისა და პატიოსნების სიმბოლო.

საინტერესო კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში. კვლევაში მონაწილე პაციენტთა დიდმა ნაწილმა გულწრფელად განაცხადა, რომ ურჩევნია მკურნალ ექიმს თეთრი ხალათი ეცვას, ხოლო ექიმების დიდი ნაწილი უპირატესობას საოპერაციო ხალათს ანიჭებს.

გამოცემის „Medical Journal of America” ჟურნალისტებმა ამ საკითხზე ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს.

კვლევის ავტორებმა 400 პაციენტს ერთი და იმავე ექიმის მონაწილეობით 4 ფოტო წარუდგინეს:

  1. ექიმი ქურთუკით, ჰალსტუხითა და სტეტოსკოპით;
  2. ექიმი თეთრი ხალათით, პერანგით, ჰალსტუხითა და სტეტოსკოპით;
  3. ექიმი საოპერაციო სამოსით, სპორტული ფეხსაცმლითა და სტეტოსკოპით;
  4. ექიმი მაისურით, ჯინსით, სპორტული ფეხსაცმლითა და სტეტოსკოპით.       

შეკითხვაზე რომელი ფოტო აღძრავს თქვენში ნდობას და ვისთან ჩაეწერებოდით კონსულტაციაზე, რესპონდენტთა 76%–მა უპასუხა, რომ თეთრხალათიან ექიმს (ფოტო N2) დაუკავშირდებოდა. ამ ფოტოს შემდეგ ყველაზე მეტად ხიბლავდათ N3 და ბოლოს N1. მონაწილეთა მხოლოდ 4.7% ანდობდა თავის ჯანმრთელობას ექიმს, რომელიც მიღებაზე მაისურით გამოცხადდებოდა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!